ევროპარლამენტი ისტორიულ საკითხზე მსჯელობს - სანამ ევროპარლამენტარები მიიღებენ გადაწყვეტილებას - დათანხმდებიან თუ არა უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მინიჭებას, უკრაინის პრეზიდენტი ევროპარლამენტში დისტანციურად, სიტყვით გამოვიდა და ევროდეპუტატებს მიმართა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი ხალხის თავგანწირვაზე და სამშობლოს თავისუფლებისთვის თავდაუზოგავ ბრძოლაზე ისაუბრა. მისი თქმით, უკრაინამ ევროპული მიმართულება აირჩია და დღეს ადამიანებმა ეს უკვე დაამტკიცეს.
ვოლოდიმირ ზელენსკის ამ გამოსვლას ევროპარლამენტში აპლოდისმენტების მოჰყვა.
"უკრაინელები არიან დაუჯერებელი ძალის მქონე ადამიანები და ძალიან ხშირად ჩვენ ვამბობთ, რომ შეგვიძლია მივაღწიოთ ყველაფერს, რასაც მიზნად დავისახავთ და ეს ყველაფერი ჩანს დღეს იმ ომის ფონზე, რომელიც მიმდინარეობს უკრაინაში და ჩვენ ნამდვილად დავძლევთ ყველაფერს. მე დარწმუნებული ვარ, უკრაინა საბოლოო ჯამში აირჩევს ევროპას, სწორედ ამ მიმართულებით ვავითარებთ ქვეყანას და ამიტომ, მინდა მოგვისმინონ თქვენგან, რომ უკრაინელების ევროპული არჩევანი თქვენთვის არის მისაღები. დღის პირველი ნაწილი იყო ძალიან ტრაგიკული უკრაინელებისთვის, ხარკოვს რუსეთის ფედერაცია სარაკეტო თადვასხმებით უტევს და ეს არის მეზობელი ქვეყანა, რომელთანაც გვქონდა წარსულში მეგობრული ურთიერთობა, რომელიც ანადგურებს ჩვენს ქალაქს, სადაც არა ერთი უნივერსიტეტია თავმოყრილი, რომელიც სიდიდით არის მეორე ქალაქი უკრაინაში. აქ მდებარეობს თავისუფლების მოედანი, ყველაზე დიდი თავისუფლების მოედანი მთელ ევროპაში. სარკასტულია ის ფაქტი, რომ ორი რაკეტა დაეცა სწორედ ამ თავისუფლების მოედანზე და გარდაიცვალა არა ერთი ადამიანი, ეს არის თავისუფლების ფასი. ჩვენ ვიბრძვით საკუთარი მიწისთვის და თავისუფლებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ყველა მსხვილი ქალაქი დაბლოკილია, ვერავინ შეძლებს ჩვენი თავისუფლების შელახვას. დარწმუნებული იყავით, რომ მოედანს ყოველთვის ერქმევა თავისუფლების მოედნის სახელი და მთელი მსოფლიო დაინახავს, რომ ჩვენ ვართ ძლიერები. რომ უკრაინელებს აქვთ იმის სურვილი, რომ იბრძოლონ თავისუფლებისთვის, დაიცვან თავის შვილები.
მე მგონი, ეს საკმაოდ ბუნებრივი სურვილია, გუშინ 16 ბავშვი შეეწირა პრეზიდენტ პუტინის თავდასხმას, პუტინი იტყვის, რომ ეს არის ერთგვარი სამხედრო ოპერაციის შედეგი. ფაქტი რჩება ფაქტად, სწორედ მის სარაკეტო თავდასხმებს ემსხვერპლა 16 ბავშვი გუშინ.
უკრაინელები არიან მოტივირებულები, ჩვენ ვიბრძვით საკუთარი უფლებებისთვის, თავისუფლებისთვის, სიცოცხლისთვის, გადარჩენისთვის და რა თქმა უნდა, ეს განაპირობებს, ჩვენს მოტივაციას. ჩვენ ასევე ვიბრძვით იმისათვის, რომ ვიქცეთ ევროპის სრულფასოვან წევრად, და მე მჯერა, რომ დღევანდელი დღე იქნება მნიშვნელოვანი, რადგან დღეს ჩვენ ვუჩვენეთ ყველას, რომ ვართ ევროპელები, რადგან, თქვენ გარეშე, ევროპის გარეშე უკრაინა უბრალოდ ვერ გადარჩება. ჩვენ დავამტკიცეთ საკუთარი ძალა, ჩვენ დავამტკიცეთ რომ გვაქვს იგივე მისწრაფებები, რაც ევროპას, ამიტომ გთხოვთ დაგვიმტკიცოთ, რომ თქვენ ჩვენს გვერდით ხართ, რომ რეალურად ხართ ევროპელები და იზიარებთ ევროპულ ღირებულებებს," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.