06 მაისი 2024,   12:54
ვრცლად
ახლა უნდა მოხდეს რუსეთის მასშტაბური იზოლაცია, უნდა მოხდეს დეპუტინიზაცია - დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ევროპელი პარტნიორების მხრიდან  მხარდაჭერაზე საუბრობს.

მისი თქმით, უნდა მოხდეს რუსეთის მასშტაბური იზოლაცია და დეპუტინიზაცია.

"რუსი ოკუპანტები მნიშვნელოვან ობიექტებზე განაგრძობენ თავდასხმებს, ცდილობენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას. ჩვენ ჩვენს მიწაზე ვართ, ჩვენ ქვეყანას ვიცავთ. ამის სამართლიანი უფლება გვაქვს. პუტინი არ ელოდებოდა ჩვენი გმირების თავდადებას. ჩვენ მივიღეთ პარტნიორებისგან უპრეცენდენტო მხარდაჭერა. ფინეთი, რომელიც ნეიტრალური ქვეყანაა, დაგვიჭირა მხარი, შვეიცარია, რომელიც ასევე ნეიტრალური სახელმწიფოა, შემოუერთდა ევროპული საზოგადოების პროტესტს. ნორვეგიამ დახმარება გამოგვიყო, ნეიტრალური ავსტრიაც ჩვენს გვერდითაა. უკრაინა მადლიერია ამ მასშტაბური სოლიდარობის, რომელიც მიმართულია პრეზიდენტ პუტინის წინააღმდეგ. ახლა უნდა მოხდეს რუსეთის მასშტაბური იზოლაცია, რუსეთთან დიდი კომპანიები კონტრაქტებს წყვეტენ. უნდა მოხდეს დეპუტინიზაცია. ჩვენ ვაგრძელებთ გაერთიანებას ანტიპუტინური კოალიციის გარშემო," - განაცხადა დმიტრო კულებამ.

ამასთან, ბოლო ცნობები უკრაინიდან - ხარკოვში დაბომბვა გრძელდება. დაღუპულია 10 და დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი. დაღუპულთა შორის არის უცხოელი სტუდენტიც. პარალელურად ნანგრევებში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ბელორუსის ჯარები ჩერნიგოვის რეგიონში შევიდნენ. ინფორმაციას თავდაცვის ძალების წარმომადგენელი ადასტურებს. ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ ბელორუსის კოლონაში 33 ერთეული ტექნიკაა.

კიევის რეგიონის სოფელ კალინოვკაში დამპყრობლებმა კერძო სახლი დაბომბეს, გარდაიცვალა ქალი, ეძებენ მამაკაცს. დილით რუსული ჭურვი კიევის მახლობლად სამშობიარო სახლს მოხვდა. ზარალი დიდია, მაგრამ ყველას ევაკუაცია დროულად განხორციელდა. კიევის მერი აცხადებს, რომ მტერი უკრაინის დედაქალაქის გარეუბანშია და რომ უკრაინელი სამხედროები "კიევის დასაცავად ემზადებიან". პარალელურად უკრაინის არმიამ ტაქტიკური სარაკეტო სისტემის გამოყენებით, ბერდიანსკში რუსეთის სამხედრო ძალების მიერ დაკავებულ აეროდრომს დაარტყა.

დღის ამბები