20 ნოემბერი 2024,   17:41
ვრცლად
ყოველდღე გვესმის განგაშის სიგნალი, რაც ნიშნავს, რომ რაკეტა შეიძლება ნებისმიერ დროს ჩამოვარდეს - რას ჰყვებიან "კურიერთან" უკრაინელი დევნილები

"დღეში ოთხჯერ გვესმის განგაშის სიგნალი" - რას ჰყვებიან "კურიერის" კამერასთან უკრაინელი დევნილები.

ყოველდღიურად იზრდება უკრაინელ დევნილთა რაოდენობა. განსაკუთრებული დატვირთვით მუშაობს ლვოვის რკინიგზის სადგური, სადაც აღმოსავლეთ და ცენტრალური უკრაინიდან ათასობით ადამიანი ჩადის მატარებლით. ცოტა ხნის წინ ქალაქში განგაში გამოცხადდა.

"კურიერთან" დევნილები მათი მდგომარეობის შესახებ ყვებიან. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად დაძაბული ვითარებისა, მათში პანიკა არ შეინიშნება და ამაღლებული განწყობა აქვთ.

"ყოველ დილით, დღეში ოთხჯერ გვესმის ხოლმე განგაშის სიგნალი, რაც ნიშნავს იმას, რომ რაკეტა შეიძლება ნებისმიერ დროს ჩამოვარდეს. რამდენიმე სამხედრო ბაზაზე ასეც მოხდა. ასე რომ ეს არაა ფიქცია, ეს რეალობაა და ნებისმიერ დროს შეიძლება დაგვარტყან. პირადად ჩვენს ქალაქში მათ პირველ დღესვე დაარტყეს აეროპორტსა და სამხედრო ბაზას, რომელიც აქედან 10 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს," - აღნიშნა ერთ-ერთმა დევნილმა.

"ხარკოვი რამდენიმე დღის წინ დავტოვეთ, იქ გიჟური სიტუაცია იყო. ვიდრე მატარებელში ჩავსხდებოდით, იქვე ახლოს რაკეტებმა გადაგვიფრინა, რომლის სამიზნეც მიმდებარე ტერიტორია იყო. დღეში რამდენჯერმე გვიწევს აქ ბუნკერში ჩამოსვლა. ახლა ეს ყველაზე უსაფრთხო და მშვიდი ადგილია," - აღნიშნა ერთ-ერთმა დევნილმა.

"ხალხი შეშინებულია, უკრაინის ცენტრალურ ნაწილში მცხოვრები ადამიანები აქ ჩამოვიდნენ ავტობუსებით, მატარებლებით - ვცდილობთ მათ აქ საცხოვრებლის პოვნაში დავეხმაროთ. ადგილობრივი ხელისუფლებაც გვეხმარება. ვაგროვებთ მედიკამენტებსა და ტანსაცმელს, რადგან ღამღამობით აქ ძალიან ცივა. ასევე ვცდილობთ ჩვენი ჯარისთვისაც საზღვარგარეთ ვიპოვოთ გარკვეული საჭიროების ნივთები და ჩართული ვართ ლოჯისტიკაში, რომ მოვახერხოთ მათი მიწოდება.

მუნიციპალური ტრანსპორტი ნორმალურად მუშაობს, თუმცა კომენდანტის საათის მიხედვით - 10 საათიდან 9 საათამდე. ხელმისაწვდომია პირველადი საჭიროების ნივთები მაღაზიებში. როდესაც სიგნალის ხმა ისმის, დაუყოვნებლივ მივდივართ თავშესაფარში. ამაზე ინფორმაციას ვიღებთ ინტერნეტიდან და რადიო სადგურებიდან და როდესაც სიგნალი წყდება, შეგვიძლია დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას, თუ ეს სწორი გამოთქმაა ახლა," - განაცხადა ერთ-ერთმა დევნილმა.

დღის ამბები