12 მაისი 2024,   18:13
ვრცლად
"სრული კონტროლის ქვეშ ვართ, დააკვირდით თქვენს სოციალურ ქსელებს" - როგორია პუტინისტური პროპაგანდა რუსეთის სკოლებში

"სრული კონტროლის ქვეშ ვართ, დააკვირდით თქვენს სოციალურ ქსელებს" - როგორია პუტინისტური პროპაგანდა რუსეთის სკოლებში, აუდიოჩანაწერი უკრაინულ და რუსულ მედიაში გავრცელდა.

აუდიოჩანაწერში კარგად ჩანს, თუ როგორ აღიარებს სკოლის მასწავლებელი, რომ სოციალურ ქსელში უკრაინასთან დაკავშირებული ამბის გაზიარებისთვის ან "დიდება უკრაინას" ფრაზისთვის, შესაძლოა არასრულწლოვნები დააკავონ.

როგორც რუსული და უკრაინული მედია იუწყება, ჩანაწერი, სადაც მასწავლებელი მე-10 კლასელ მოსწავლეებს აშინებს, რუსეთის ქალაქ სევასტოპოლიდან არის. მასწავლებელი ამბობს, რომ უკრაინის მხარდაჭერისთვის მოსწავლეებს სისხლის სამართლის საქმე ემუქრებათ.

"თქვენ გაკისრიათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. არავინ გადაგყვებათ, არავინ დაიწყებს გარკვევას იხუმრე თუ არ იხუმრე, ვიმემ გთხოვა თუ არა, ჩაგკეტავენ და გვარსაც არ გკითხავენ.

მე მესმის, რომ თქვენ გასართობად გაიძახით ამ "დიდება უკრაინას".

დააკვირდით თქვენს სოციალურ ქსელებს, დააკვირდით რას აქვეყნებთ პროფილის ფოტოზე თუ პოსტზე.

თქვენ იცით, რომ რამდენიმე პირი უკვე დააკავეს იმის გამო, რომ ახალი ამბები გააზიარეს არა საკუთარ კედელზე, არამედ ეს ახალი ამბავი გაუზიარეს მეგობრებს, ახლობლებს. სწორედ თქვენი საკუთარი მეგობრები გაგყიდიან, ამიტომ კიდევ ერთხელ დაფიქრდით რას ამბობთ და რას აკეთებთ.

ბავშვებმა სწორედ სკოლიდან გასვლისას დაიყვირეს ეს ფრაზა და ზუსტად 10 წუთში დირექტორის კაბინეტში უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) თანამშრომელი მივიდა. გგონიათ ის უბრალოდ მოვიდა? არა. გეტყვით, რომ სკოლისა და საბავშვო ბაღის გარშემო სამოქალაქო ფორმიანი პირები დადიან, იცავენ ჩვენს სკოლასა და საბავშვო ბაღს. ჩვენ სრული მეთვალყურეობისა და კონტროლის ქვეშ ვართ, ამიტომ აკონტროლეთ ნებისმიერი ქცევა თუ ნათქვამი. ვფიქრობ, იმ ბავშვების მშობლებს ახლა კარგი დღე არ დაადგებათ. თქვენ მე გამიგეთ? ეს არ არის ხუმრობა და არ ვხუმრობ, ეს არ არის სასაცილო," - ამბობს მასწავლებელი.

დღის ამბები