მმართველი გუნდის წევრებმა ერთ-ერთ ონლაინ მედიასაშულებაში - "კვირა.ჯი-ზე" გამოქვეყნებულ მასალაზე ისაბურეს, სადაც მათი თქმით, წერია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ცდილობენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაში ხელისშეშლას.
მმართველ გუნდში, ოპოზიციის მხრიდან განხორციელებულ დისკრედიტაციულ მცდელობებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ამ ექსტრაორდინალურ ვითარებაში, ისინი ქვეყნის შერყევას ცდილობენ.
"ბოლო რამდენიმე კვირაა მიდის განსაკუთრებით დისკრედიტაციული კამპანია სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ. განსაკუთრებით კი ეს ეხება მთავრობას, მაგრამ ამავდროულად პარლამენტსაც. ამიტომ იჩენს საპარლამენტო უმრავლესობა განსაკუთრებულ სიფრთხილეს, ვინაიდან ხედავს რისკებს და მათ განხორციელებას. ჩვენ ვხედავთ განცხადებებს მედიის საშუალებით, ვხედავთ სოციალურ ქსელებში რა ხდება და ამ ექსტრაორდინალურ ვითარებაში, როდესაც უსაფრთხოების რისკები განსაკუთრებით მაღალია, ქვეყნის შერყევის მცდელობებს,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
მიხეილ ყაველაშვილი კი აცხადებს, რომ არაერთი სქემა იყო გაშიფრული იმისა, თუ როგორ მუშაობს ოპოზიცია კონკრეტულ ლობისტებთან, რომ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ სხვადასხვა ჯგუფები დარაზმონ:
"წინ აყენებენ არა ომის დამთავრებას და ევროკავშირში გაწევრიანებას, არამედ პარალელურ რეჟიმში აყენებენ საკითხს, რომ მთავრობა უნდა გადადგეს და ამ მთავრობით არ შეიძლება ევროკავშირში შესვლა. ეს მათი დღის წესრიგია. მათი არაერთი სქემა იყო მანამდე გაშიფრული, თუ როგორ მუშაობენ კონკრეტულ ლობისტებთან, კონგრესის წევრებთან და როგორ ახერხებენ იმას, რომ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ სხვადასხვა ჯგუფები დარაზმონ,"- აღნიშნავს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი.
საუბარია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე, "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ცდილობენ ამ პროცესს ხელი შეუშალონ. ამ საკითხზე, დღეს ბიუროს სხდომაზე კამათი იყო.