26 აპრილი 2024,   05:29
ვრცლად
პუტინის მორიგი მუქარა ​და NATO-ზე განაწყენებული ზელენსკი - ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსული ჭურვებისთვის ღიად დარჩენილი უკრაინის ცაზე

ოფიციალური კიევის მოთხოვნაზე უკრაინის საჰაერო სივრცე რუსული სამხედრო თვითმფრინავებისთვის ჩაიკეტოს ნატომ უარი განაცხადა. საომარ მოქმედებებში მყოფ კიევს დასავლეთის უარზე ემოციური რეაქცია ჰქონდა. ზელენსკი ბრაზობს, რომ პარტნიორები მისი ქვეყნის გარკვეულ სივრცეებს არასაფრენ ზონებად არ აცხადებენ, რაც საშუალებას მისცემდა უკრაინას საჰაერო თავდასხმები თავიდან აერიდებინა. ამით კიევი ასკვნის, რომ ევროპის უსაფრთხოება ყველასათვის ნომერ პირველი ამოცანა არაა და ნატომ პრაქტიკულად უკრაინელების დაბომბვას "მწვანე შუქი" აუნთო.

დასავლეთი კიევს უხსნის, რომ ამ ვითარებაში ხელფეხშეკრულია, რადგან უკრაინის არასაფრენ ზონად გამოცხადება, იმ პასუხისმგებლობის აღებასაც ნიშნავს, რომ თუ უკრაინას ერთი რუსული თვითმფრინავი მაინც გადაუფრენს - ის უნდა ჩამოაგდონ! ეს კი დასავლეთისთვის რუსეთთან პირდაპირ ომში შესვლაა, უფრო ფართო და უფრო დამანგრეველ ომში - რომელსაც წლებია გაურბიან. 

"ცის დახურვაზე დასავლეთის თანხმობას კატასტროფული შედეგები მოჰყვება" - ასე დაიმუქრა დღეს პუტინი, რომელიც ამავდროულად მტკიცებით რეჟიმში იყო გადასული, რომ მისი გეგმა უბადლოდ სრულდება. მისთვის სანქციების დაწესებაც ომის გამოცხადებაა, მაგრამ ამბობს, რომ ჯერჯერობით აქამდე საქმე მაინც არ მისულა.

ზელენსკის დღევანდელი განცხადება ოკუპანტმა სახელმწიფომ საკუთარი ნარატივების გასამყარებლად გამოიყენა. მათ შორის სანქცირებულმა ლავროვმა, რომელიც უკრაინა ნატო-რუსეთის ომის პროვოცირებაში ადანაშაულებს. 

სანქციები რუსეთს უკვე მე-10 დღეა ასუსტებს. რუსეთის საფინანსო სექტორი პარალიზებულია, თუმცა დასავლეთმა კრემლს უკვე მისცა პირობა, რომ მათ კიდევ ბევრი კოზირი აქვთ ხელში, რომელიც ჯერ არ გაუთამაშებიათ. საერთაშორისო კომპანიების რუსული ბაზრებიდან გასვლა, რუბლის ვარდნა, საინფორმაციო წყაროებზე შეზღუდვა და ბევრი სხვა ცვლილება, რომელსაც რუსული საზოგადოება უკვე გრძნობს, საბოლოოდ პუტინის წინააღმდეგ იმუშავებს და ამას დასავლეთი მთელი ყურადღებით დააკვირდება.

დღის ამბები