27 აპრილი 2024,   02:51
ვრცლად
დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ - ჰააგის უმაღლესმა ტრიბუნალმა რუსული აგრესიის გამოძიება 38 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოთხოვნით დაიწყო

ორი ქვეყნის საერთო ტრაგედია - ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ რუსული დანაშაულის საქმეებზე საქართველო უკრაინას სრულ მხარდაჭერას და გამოცდილების გაზიარებას ჰპირდება. ჰააგის უმაღლესმა ტრიბუნალმა, ყველაზე მასშტაბური საქმის გამოძიება 38 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოთხოვნით დაიწყო.

რუსეთის ხელწერა ერთია - 2008 წლის ომში - ერთნიკური წმენდა, ტერიტორიების ოკუპაცია, აკრძალული იარაღის გამოყენება, ტყვეების, მშვიდობიანი მოქალაქეების უკანონო დაკავება, მათი წამება და მკვლელობა - პუტინის სისასტიკე, რასაც ახლა უკრაინის მოქალაქეები გრძნობენ, საქართველომ 14 წლის წინ გამოსცადა. კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის საქმეზე მტკიცებულებებს საქართველო წლები აგროვებდა. ევროსასამართლოში რუსულ აგრესიაზე ისტორიული გამარჯვების შემდეგ, ახლა საქართველო წარმატებას ჰააგაშიც ელოდება.

უკრაინის საქმეს ჰააგა სავარაუდოდ უფრო სწრაფად განიხილავს, ეს მოლოდინი აქვს მმართველი გუნდის ერთ-ერთ ლიდერს სოზარ სუბარს, რომელმაც საქართველოს საქმეზე სარჩელის მზადების სირთულეები გაიხსენა.

უკრაინის და საქართველოს საერთო ტრაგედიაზე პასუხისმგებელი პირების უპირობო დასჯის მოლოდინი აქვს ქართულ ოპოზიციასაც.

ის, რაც საქართველომ უკვე ნახა, მეათე დღეა უკრაინა განიცდის. ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ყველაზე მასშტაბური საქმის გამოძიებას უკვე შეუდგა. უკრაინის ქალაქებში, ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულზე პირველი ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

უკრაინა და საქართველო - ორი ქვეყნის ერთი ინტერესი ოკუპანტი პუტინის და მისი თანამზრახველების დასჯაა. პუტინის, რომელმაც განსასჯელის სკამზე აღმოჩენის შიშით, ჰააგის მხარდამჭერი ქვეყნების ნუსხა გაბრაზებულმა მას შემდეგ დატოვა, რაც საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ჰააგაში მყარი მტკიცებულებები წარადგინა.

 

 

 

დღის ამბები