უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ნავთობკომპანია "შელს" მიმართავს, რომელმაც რუსული ნავთობი რეკორდული ფასდაკლებით შეიძინა.
კულება twitter-ში წერს, რომ ნავთობკომპანიამ რუსული ნავთობი მალულად შეიძინა.
"მეუბნებიან, რომ "შელმა" წუხელ მალულად შეიძინა რუსული ნავთობი. ერთი კითხვა მაქვს "შელთან": თქვენთვის რუსულ ნავთობს უკრაინული სისხლის სუნი არ ასდის? მოვუწოდებ მთელ მსოფლიოში ყველა გონიერ ადამიანს, მოითხოვონ ტრანსნაციონალური კომპანიებისგან, შეწყვიტონ ყველანაირი საქმიანი კავშირები რუსეთთან," - წერს კულება.
ევროპის უმსხვილესმა ნავთობკომპანია "შელმა" რუსეთისგან ნედლი ნავთობის პარტია რეკორდული ფასდაკლებით შეიძინა. ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტო "ბლუმბერგი" ავრცელებს. მანამდე, უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ნავთობკომპანია რუსეთისგან ნავთობისა და გაზის შესყიდვას გააგრძელებს.
Bloomberg ცნობით, "შელმა" ნავთობი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო კომპანია Trafigura-სგან შეიძინა და ერთ ბარელში გასაყიდ საბაზრო ფასზე 28,50 დოლარით ნაკლები გადაიხადა.