მოლაპარაკებების ახალი ეტაპი - უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს ხუთშაბათს თურქეთში შეხვდებიან. ინფორმაცია 10 მარტს ანტალიაში დაგეგმილი შეხვედრის შესახებ დმიტრო კულებამ დაადასტურა.
უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ის მზადაა სერიოზული საუბრისთვის, თუკი ამისთვის მზადაა ლავროვიც.
ცოტა ხნის წინ, კულება ამერიკელ კოლეგასაც ესაუბრა. ენტონი ბლინკენმა უკრაინას კიდევ ერთხელ დაუდასტურა შეერთებული შტატების მხარდაჭერა.
"შეხვედრა 10 მარტსაა დაგეგმილი, ვნახავთ ჩავა თუ არა ლავროვი ანტალიაში და შემდეგ მე ჩავფრინდები. დავჯდები და ვისაუბრებ. ბატონ ლავროვისადმი პირველი სიტყვები ძალიან მარტივი იქნება. მე მას ვეტყვი: "ბატონო ლავროვ, ვფიქრობ, რომ ამ შეხვედრას ვმართავ დანაშაულის, უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის თანაორგანიზატორთან. ამ მოლაპარაკებებით თქვენ შეგიძლიათ შეაჩეროთ ან თუნდაც სცადოთ ამ დანაშაულის შეჩერება. ასე რომ მოდით ვისაუბროთ სერიოზულად."
თუ ის სერიოზული საუბრის ხასიათზეა, მაშინ ჩვენ, როგორც დიპლომატს დიპლომატთან გვექნება სერიოზული საუბარი. თუ იგივე აბსურდული პროპაგანდის გამეორებას დაიწყებს, რაც ამ ბოლო დროს ვრცელდება, ჩემგან მოისმენს იმ მკაცრ სიმართლეს, რასაც იმსახურებს," - აცხადებს დმიტრო კულება.
შეგახსენებთ მოლაპარაკებების მე-3 რაუნდი გაიმართა გუშინ უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის. მხარეები ჰუმანიტარული დერეფნების ლოჯისტიკის გაუმჯობესებასა და კვლავ მოლაპარაკების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. მნიშვნელოვანი შედეგი საომარი მოქმედებების შეწყვეტასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე მიღწეული არ არის.