04 მაისი 2024,   14:38
ვრცლად
"კრემლში ზის მანიაკი, რომელსაც თითი ატომური იარაღის ღილაკზე უდევს" - რასა იუკნევიჩიენე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებ​ის მომხრეა 

ევროპამ, უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადების განხილვა დაიწყო. ბრიუსელში უკვე გაიმართა წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების პირველი შეხვედრა, სადაც ასოცირებული ტრიოს მოთხოვნაზე მსჯელობა ოფიციალურად გახსნილად გამოცხადდა.

პარალელურად, პროცესი მიდის სტრასბურგშიც, სადაც საქართველოს წარმომადგენელი შეხვედრებს ევროპელ კოლეგებთან მართავს.

"ჩვენი ევროპარლამენტარი კოლეგებისგან არის იმედისმომცემი იმ თვალსაზრისით, რომ აცნობიერებენ კარგად თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს დღეს ევროკავშირის მხრიდან ამ პოლიტიკური ჟესტის გაკეთებას, რომ კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ ასოცირებულ ქვეყნებს. ვინაიდან კარგად ხედავენ ისინი, თუ რა მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის ერთიანობას და იმის აღიარებას, რომ ეს ასოცირებული ქვეყნები ევროკავშირში ინტეგრაციის მსურველები არიან და ევროკავშირმა შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგას მათი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის,"- აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი.

ბრიუსელში გამართულ პლენარულ სხდომაზე, უკრაინა კვლავაც ყველაზე მნიშვნელოვანი განსახილველი თემაა. ევროპარლამენტის დეპუტატები თანხმდებიან, რომ რუსეთს მკაცრი სანქციები უნდა დაუწესდეს. რასა იუკნევიჩიენემ უკრაინაზე საუბრისას თქვა, რომ მხარს უჭერს საქართველოს კანდიდატის სტატუსსაც:

"ბატონმა კუბილიუსმა დაიწყო ევროპარლამენტარების ხელმოწერების შეგროვება, რომ მოხდეს ემბარგოს დაწესება გაზსა და ნავთობზე. არ ვაპირებთ რუსებისთვის თუნდაც 1 ევროს გადახდას. არ ვაპირებთ ფული მის ტანკებსა და იარაღში გადავიხადოთ. რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ წააგებს. ტრაგიკული ომის დაწყება, სწორედ რუსი ხალხის წინააღმდეგ არის მიმართული. რუსეთი შიგნიდან ჩამოინგრევა. ძნელია რამის წინასწარ განსაზღვრა, რადგან კრემლში ბრუტალური დიქტატორი ზის, ის არის მანიაკი, რომელსაც სჯერა ე.წ. ახალი რუსეთის, მას მხოლოდ ბომბები და სიკვდილი მოაქვს. ომის მესამე კვირასაც არ ვიცით რა იქნება მაშინ, როდესაც პუტინს თითი ატომური იარაღის ღილაკზე უდევს.

გასულ კვირას ხმა მივეცი უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას, პარლამენტის უმრავლესობა იგივე გააკეთა, რაც ვფიქრობ მკაფიო გზავნილია. მე მხარს დავუჭერ საქართველოს კანდიდატის სტატუსსაც ხმას, თუმცა, ცხადია, ეს ყველაფერი ერთ დღეში ვერ გადაწყდება,"- აცხადებს ევროპარლამენტის დეპუტატი ლიეტუვიდან რასა იუკნევიჩიენე

დღის ამბები