04 მაისი 2024,   13:03
ვრცლად
პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება პარლამენტში - რა კითხვები აქვს ოპოზიციას სალომე ზურაბიშვილთან 

სალომე ზურაბიშვილის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დაგეგმილ მოხსენებას ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლების შეფასებები მოჰყვა. ხელისუფლების ოპონენტებს განსაკუთრებით აინტერესებთ პრეზიდენტის წლიური ანგარიში იმ ფონზე, როდესაც სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან მართავდა შეხვედრებს. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე, იაგო ხვიჩიას აინტერესებს, რატომ არ მისცეს საშუალება პრეზიდენტს, აქამდე წარსმდგარიყო პარლამენტის წინაშე. 

"ზოგადად, ახლა მე თუ რამე მაინტერესებს პრეზიდენტისგან, მაინტერესებს ის როგორ ხედავს საქართველოს დასავლურ პერსპექტივებს იმ ყველაფერის გათვალისწინებით, რაც ახლა საქართველოში ხდება. ამავდროულად, მინდა დავაკვირდე ქართული ოცნების წევრების ურთიერთობას პრეზიდენტთან. რას ერჩიან, რა პრეტენზიები აქვთ, რატომ არ მისცეს საშუალება, რომ აქამდე წარსმდგარიყო პარლამენტის წინაშე," - ამბობს იაგო ხვიჩია.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრის, პაატა მანჯგალაძისთვის მნიშვნელოვანია ის ვიზიტები, რომელიც სალომე ზურაბიშვილსა და ევროპელ ლიდერებს შორის შედგა. 

"ჩემთვის მნიშვნელოვანია, მისი ვიზიტები, რომელიც განხორციელდა მაღალი დონის ევროპაში, შეხვდა ბევრ ლიდერს ევროპის გაერთიანების, მინდა რომ პირველი პირისგან მოვისმინო თუ რა შანსები აქვს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს დემოკრატიზაციის პროცესი და ასევე, რა არის გასაკეთებელი უსაფრთხოების თვალსაზრისთაც," - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილისგან მკაფიო განცხადებებს ელოდებიან როგორც უკრაინასთან მიმართებაში, ასევე იმ სანქციებზე, რომელიც ბევრმა ქვეყანამ რუსეთს დაუწესა. 

"ჩვენ ველოდებით სალომე ზურაბიშვილისგან მკაფიო განცხადებებს როგორც უკრაინასთან მიმართებაში, როგორც იმ შეზღუდვებთან მიმართებაში, რომელიც სრულიად ცივილიზებულმა სამყარომ და ევროპამ დაუწესა რუსეთს, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს ხელისუფლება არ შეუერთდა ამ პროცესს და ასევე, ველოდებით შეფასებას ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რა პოზიცია ექნება პრეზიდენტს და როგორ იქნება ის ჩართული ამ პროცესში," - აცხადებს გიორგი ბოტკოველი.

პრეზიდენტი პარლამენტს 14 მარტს მიმართავს. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სალომე ზურაბიშვილის მოხსენების თარიღი უკვე ცნობილია. ხვალ ბიუროს სხდომა გაიმართება, სადაც პლენარული სხდომის მოწვევის გადაწყვეტილებას ოფიციალურად მიიღებენ.

 

 

 

დღის ამბები