19 აპრილი 2024,   04:26
ვრცლად
"გადაწყვეტილება, რომელსაც საქართველო მიიღებს იქნება პასუხი, იმაზე თუ რა ღირებულება აქვს უსაფრთხოებას ამ ქვეყნისთვის" - შანაი ბრუკის ძმა

ავსტრალიის მოქალაქის​ შანაი ბრუკის საქმეზე სასამართლო პროცესები გრძელდება - შანაი ბრუკის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული სიტყვით გამოვიდა. რაფაელ მურსაკულოვმა დღევანდელ პროცესზე ბოდიში მოიხადა და იტირა.

"მესმის და ვიცი ყველაფერი. ეს არ არის მარტივი. მან ახსენა რამდენი სიკეთე აქვს გაკეთებული. შემეშალა, მაპატიეთ, ბოდიშს ვიხდი. მე ვიცი რას ნიშნავს ოჯახისთვის ახლობელი ადამიანის დანაკარგი. ჩემი "ბოდიში" და "მაპატიე" არაფერს არ ნიშნავს. ბოდიშს ვიხდი, მე არ ვარ ასეთი ადამიანი და აღმოვჩნდი ამ სიტუაციაში. ძალიან მრცხვენია. მაპატიეთ ბოდიშს გიხდით," - ამბობს ბრალდებული.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ჩვენება მისცა მოკლული შანაი ბრუკის ძმამ. ის დღეს სასამართლო დარბაზში დაზარალებულის სტატუსით იმყოფებოდა. მოკლული ავსტრალიელი ქალის ოჯახი დამნაშავისთვის უვადო პატიმრობის გამოცხადებას ელის.

"მე მოვედი თქვენ წინაშე, როგორც შანაის ძმა, ჩვენი ოჯახის და შანაის მეგობრების სახელით. შანაი იყო სუფთა და მხიარული, პოზიტიური ადამიანი, რომელიც ამ მოთმინებით და ღია ბუნებით აერთიანებდა ადამიანებს. ის ეხმარებოდა მზრუნველობამოკლებულ და შშმ ბავშვებს სხვადასხვა ქვეყნებში. თბილისში ის ზრუნავდა კნუტებზეც.

ყველას უხაროდა მასთან ურთიერთობა. ყველას სიყვარულით ეპყრობოდა. ამით მსოფლიო უკეთესი ხდებოდა. შანაიმ მისი მოკლე სიცოცხლე ადამიანებზე ზრუნვაში გაატარა. მას შეუყვარდა საქართველო. იმ ქვეყნებიდან, სადაც ის ცხოვრობდა, საქართველო იყო ქვეყანა, რომელმაც მისი გული დაიპყრო. აპირებდა ეყიდა სახლი. გასული წლის 30 ივლისს ის ბუნებაში დადიოდა, მზიან ამინდში.

შეუძლებელია აქ იდგე და ის მწუხარება გამოხატო, რაც ჩვენ განვიცადეთ. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ცხოვრება თავდაყირა დადგა. ყველა ჩვენი სხვა საზრუნავი გაუფერულდა. ყველაფერი სხვა უმნიშვნელო გახდა. შანაი სულ ჩემ გვერდით იყო, როცა მჭირდებოდა. ცრემლები მახრჩობს, როცა ვფიქრობ, რომ ყველაზე საჭირო მომენტში მასთან არ ვიყავი. შანაის დაკარგვა ამ სასტიკი ძალადობით, უდიდესი დანაკარგი და ტკივილია ჩვენთვის. იმ სიტყვებს შორის, რომელიც მან ბოლო სატელეფონო საუბრისას თქვა, რომ ძალადობის მსხვერპლი ხდებოდა, უმძიმესია. ის ამბობდა, "მომაშორე შენი ხელები, რატომ აკეთებ ამას?" - ამ სიტყვებს იმეორებდა. მან ყველაფერი დაკარგა, მისი ყველა ოცნება და იმედი დასრულდა.

ის ვეღარასოდეს ვეღარ გაიცინებს და ვერ იგრძნობს მზეს სახეზე მისი საყვარელი ბუნების წიაღში. ის ვეღარასდროს იგრძნობს დედის ჩახუტების სითბოს და ვერ გახდება დედა, ვერც მამა მიაცილებს მას საკურთხეველთან. ეს მზიანი დღეები ჩემთვის ტანჯვაა, სულ მომხდარი მახსენდება.

2 წლის წინ, მე ჩამოვედი საქართველოში პირველად შანაისთან - ეს ჩემთვის ყველაზე ძვირფასი დღე იყო, მან მაჩვენა ქალაქი და იყო ბედნიერი.

მკვლელი თავისუფლად არ უნდა დადიოდეს ქუჩებში, ეს მიუღებელია. ის გადაწყვეტილება, რომელსაც საქართველო მიიღებს იქნება პასუხი, შეკითხვაზე რა ღირებულება აქვს უსაფრთხოებას ამ ქვეყნისთვის. ჩვენი ოჯახი უვადო პატიმრობას ელის დამნაშავისთვის - შანაი და საქართველოს ქალები ამას იმსახურებენ.

მე ვიარე ქუჩებში, სადაც შანაის პოსტერები იყო. იქვე ცხოვრობდა მკვლელიც. შანაის ოჯახი მკვლელისგან ბოდიშს არ მიიღებს. ბრალის აღიარება არ არის კეთილი ნება და არ იმსახურებს შენდობას. ჩვენ რეალობის აღქმაც კი გვიჭირს. მშობლებმა არ უნდა დაკრძალონ შვილი. ჩვენს ოჯახს ის დარჩენია, რომ შანაის მოკლე ცხოვრებას მოეფეროს," - აცხადებს შანაი ბრუკის ძმა ტაისონ ედვარდსი.

დღის ამბები