28 აპრილი 2024,   04:15
ვრცლად
უკრაინის რომელი ქალაქები გახდა რუსული ჭურვების სამიზნე, სადაც საომარი მოქმედებები ამ დრომდე არ წყდება - ომის მე-14 დღის ქრონიკა  

უკრაინის ქალაქებში საომარი მოქმედებები არც ამ წუთებში წყდება. ერთი საათის წინ, მარიუპოლში დაიბომბა ბავშვთა საავადმყოფო და სამშობიარო. ადამიანები მოყოლილი არიან ნანგრევებში. ამ დრომდე უცნობია  დაღუპულებისა და დაშავებულების ზუსტი რიცხვი, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ნგრევა კოლოსალურია.

"კიდევ რამდენ ხანს იქნება მსოფლიო ამ ტერორის თანამონაწილე?" - აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი, რომელმაც ბოლო ვიდეო მიმართვაში სიმხეცე და არაადამიანობა უწოდა ბავშთა საავადმყოფოს დაბომბვას.

მარიუპოლის პარალელურად. რუსეთი ერთდროულად, ცდილობს ალყაში მოაქციოს კიევი, ხარკოვი, მიკოლაევი. 150 ათასიანი არმია გაშლილია 500 კმ-ზე, რაც სერიოზულად ართულებს მანევრირების საშუალებებს.

უკრაინა ასევე ყოველ წუთს ელოდება რუსეთის მცდელობას გადამწყვეტი შტურმი მიიტანოს კიევზე. თუმცა პუტინის სამხედრო წარმატების უკვე აღარავის სჯერა.

უკრაინაში ახლა ერთად იბრძვის ჯარი, ხალხი, პარტიზანები, მოხალისეები, სპეცრაზმი, ავიაცია და არტილერია.

რუსული ავიაცია 2 საათის განმავლობაში ბომბავდა სოფელ ახტირკას. კიევის აღმოსავლეთში, თავდასხმას სამაშველო სამსახურის ინფორმაციით სულ მცირე 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ყველა მშვიდობიანი მოსახლეა, მათგან 2 ბავშვია. აფეთქების შედეგად დაზიანდა ელექტროსადგურიც.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, 7 საცხოვრებელი სახლი დაიბომბა მალინიში, რა დროსაც 5 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა შორის 2 ბავშვია.

რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია განაახლა გაერომ - ბოლო მონაცემებით, ომს 474 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 861 კი დაშავდა.

მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ელექტრო ხაზების აღდგენა ვერ ხერხდებოდა, დღის ბოლოს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დამატებითი ცნობები გაავრცელა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თუ ჩერნობილში გაგრილების სისტემა შეჩერდება ეს რადიაციის გარდაუვალ გაჟონვას გამოიწვევს.

დღის ამბები