30 აგვისტო 2026,   09:18
ვრცლად
"მაღალი რისკი" - პენტაგონი უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემაზე უარს ამბობს, თუმცა დახმარების ალტერნატიულ გზებს განიხილავს

ვაშინგტონმა დღეს "მაღალი რისკის" საბაბით, საბოლოოდ თქვა უარი ვარშავის შეთავაზებაზე, პოლონეთის შეიარაღებული ძალების მიგ-29 გამანადგურებლები უკრაინისთვის გადაეცა.

პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ ამერიკა ამ თვითმფრინავების არა მხოლოდ უკრაინისთვის გადაცემის, არამედ მის ბაზაზე მიღების წინააღმდეგიცაა. შეერთებული შტატების გადაწყვეტილება პოლონურ მხარეს, თავდაცვის მდივანმა ოსტინმა ტელეფონით შეატყობინა.

"თავდაცვის მდივანმა ოსტინმა მადლობა გადაუხადა პოლონეთს მზაობისთვის, უკრაინის დასახმარებლად გზების მოსაძებნად. თუმცა მან ხაზი გაუსვა, რომ ჩვენ ამ დროისთვის, უკრაინის საჰაერო ძალებისთვის დამატებითი გამანადგურებლების გადაცემას მხარს არ ვუჭერთ. ამიტომ, არც სურვილი გვაქვს, ისინი ჩვენს მფლობელობაში ვნახოთ," - განაცხადა პენტაგონის პრეს-სპიკერმა ჯონ ქიორბიმ.

ვაშინგტონის უარი, ყოფილიყო შუამავალი პოლონეთსა და უკრაინას შორის, "მიგების" გადაცემაზე, პენტაგონში რამდენიმე მიზეზით ახსნეს. ამერიკის თავდაცვის უწყება მიიჩნევს, რომ დამატებითი თვითმფრინავები, უკრაინის საჰაერო ძალების ეფექტურობაზე მნიშვნელოვნად არ იმოქმედებს და უკრაინა დღეს სხვა ტიპის შეიარაღებას უფრო საჭიროებს.

"ჩვენი აზრით, საუკეთესო გზა, უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად, იმ შეიარაღების და სისტემების უზრუნველყოფაა, რომლებიც რუსეთის აგრესიის დასამარცხებლად, ყველაზე მეტად სჭირდებათ. კონკრეტულად კი ანტისატანკო და საჰაერო თავდაცვის. სხვა ქვეყნებთან ერთად, ჩვენ განვაგრძობთ ამ შეიარაღების გაგზავნას და როგორც ვიცით, ისინი ეფექტურად გამოიყენება. ჩრდილოეთისკენ რუსეთის წინსვლის შენელება ამის მაგალითია. იმის მიუხედავად, რომ რუსეთის საჰაერო შესაძლებლობები მნიშვნელოვანია, მათ ეფექტურობას უკრაინის საზენიტო-სარაკეტო სისტემები ზღუდავს. უკრაინის საჰაერო ძალებს, ამჟამად, სრულად ფუნქციური, მისიის შემსრულებელი თვითმფრინავების რამდენიმე ესკადრილია ჰყავთ. ჩვენ დავადგინეთ, რომ თვითმფრინავების დამატება, რუსეთის შესაძლებლობებთან შედარებით, უკრაინის საჰაერო ძალებს მნიშვნელოვნად არ შეცვლის," - აღნიშნა პენტაგონის პრეს-სპიკერმა.

პენტაგონი განცხადებამდე ადმინისტრაცია ამბობდა, რომ ამ ლოჯისტიკურ პრობლემასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებებს პოლონეთთან და სხვა მოკავშირეებთან მართავდა. პარალელურად, იყო მტკიცე მოთხოვნა კონგრესიდან, ადმინისტრაციას მოეძებნა გზები და პოლონეთის თვითმფრინავები უკრაინაში რაც შეიძლება სწრაფად ჩაეყვანა. ორპარტიული თანხმობის მიუხედავად, ზოგიერთი კანონმდებელი მაინც ეჭვით უყურებდა იმ ფაქტს, რომ გამანადგურებლების გადაცემაში პოლონეთი პირდაპირ არ მონაწილეობდა და ცდილობდა ეს ამერიკის შუამავლობით გაეკეთებინა.

"უცნაური გადაწყვეტილება ჰქონდა პოლონეთს, წინასწარი შეტყობინების გარეშე, ამერიკისთვის, რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ღირებულების თვითმფრინავების გადმოცემასთან დაკავშირებით. უკრაინელებისთვის ისინი უფრო მეტად ბუნებრივი, პირდაპირი პარტნიორები იქნებოდნენ, რადგან საქმე "მიგებს" ეხება, რომელთა მოხმარება პოლონელებმა იციან და შეეძლოთ, უკრაინისთვის გადაეცათ," - აღნიშნა სენატორმა კრის მერფმა.

თვითმფრინავების გადაცემაზე, პენტაგონის მიერ უარის თქმის ერთ-ერთ მიზეზად, რუსეთს და ალიანსს შორის შესაძლო ესკალაცია ისევ სახელდება. თავდაცვის უწყებაში ხაზი გაუსვეს, რომ ამერიკული დაზვერვის შეფასებით, "მიგების" გაგზავნა შესაძლოა რუსების მიერ არასწორად იქნას ესკალაციად მიღებული და მოსკოვის ისეთი რეაქცია გამოიწვიოს, რომელიც ნატოსთან სამხედრო ესკალაციის პერსპექტივას გაზრდის.


დღის ამბები