06 მაისი 2024,   09:28
ვრცლად
15 დღიანი წარუმატებელი ინტერვენცია და წარუმატებელი მოლაპარაკებები - რაზე ისაუბრეს უკრაინა-რუსეთის პირველმა დიპლომატებმა ანტალიაში შეხვედრისას

"უკრაინა არ დანებდა, არ ნებდება და არ დანებდება" - ასე დასრულდა რუსეთ-უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ანტალიაში. დიმიტრი კულება აცხადებს, რომ სერგეი ლავროვს 24-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის საკითხზეც კი არ ჰქონდა პასუხი. რუსი დიპლომატი ვერც ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებაშია უფლებამოსილი. სამაგიეროდ, ლავროვი სახიფათო თამაშებში უკვე დასავლეთს ადანაშაულებს. შედეგად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეთანხმება ვერ შედგა.

მოლაპარაკების ბელარუსიდან თურქეთში გადატანამ ვერაფერი შეცვალა. ცეცხლი არ წყდება. ლავროვი ანტალიაში კვლავ პუტინის ულტიმატუმებით ჩავიდა, რომელსაც კიევი ვერ შეასრულებს. ერთადერთი, რაც მხარეებს შეეძლოთ მიეღწიათ, ჰუმანიტარული დერეფნებია, თუმცა ესეც გაურკვეველი დროისთვის გადაიდო. ერდოღანის შუამავლობის დიპლომატიამ ამჯერად არ იმუშავა.

უმაღლესი რანგის შეხვედრაზე რომ ყოვლისმომცველი სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა და უკრაინის ნეიტრალიტეტის საკითხი განიხილებოდა - ეს სამშვიდობო მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ მასპინძელი ქვეყნის პირველმა დიპლომატმა გაახმოვანა. მევლუთ ჩავუშუღლუ ანტალიაში უმაღლესი დონის შეხვედრის ინიციატორი და შუამავალი იყო. აუდიენცია მხარეებს შორის მას შემდეგ დაიგეგმა, რაც თურქეთის ლიდერი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს ესაუბრა.

დღევანდელ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე რუსეთის პირველ დიპლომატს ჰკითხეს, იქნებოდა თუ არა ზელენსკი-პუტინის შეხვედრა. სერგეი ლავროვი ასეთი აუდიენციის პერსპექტივას ჯერ ვერ ხედავს. განსხვავებულად ფიქრობს ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელსაც მიაჩნია, რომ ომის შეწყვეტა მხოლოდ მისი და პუტინის პირისპირ მოლაპარაკებას შეუძლია. ორი ქვეყნის პრეზიდენტის ერთ მაგიდასთან დასხდომის ორგანიზებას უკრაინის ლიდერი გერმანიის კანცლერს სთხოვს. მზადაა კომპრომისისთვისაც, თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ეს ორმხრივი უნდა იყოს.

უმაღლესი დიპლომატების შეხვედრის დასრულების შემდეგ, შესაძლოა, მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი განახლდეს. მედია წერს, რომ შეხვედრის ადგილი კვლავ ბელარუსის ტერიტორია იქნება. ომში ჩართული მხარეები ერთი მაგიდის გარშემო სამჯერ უკვე დასხდნენ, თუმცა ომი მაინც ვერავინ შეაჩერა. შეთანხმება მხოლოდ ჰუმანიტარულ საკითხებს მოიცავდა, რომელსაც გუშინდელ დღემდე კრემლი უხეშად არღვევდა და ჰუმანიტარულ დერეფნებს ცეცხლს უხსნიდა.

დღის ამბები