04 მაისი 2024,   13:00
ვრცლად
ჰელსინკის კომისია აშშ-ის პრეზიდენტს მიმართავს, უკრაინას და საქართველოს NATO-ს არაწევრი ძირითადი მოკავშირეების სტატუსი მიენიჭოს

ჰელსინკის კომისია შეერთებული შტატების პრეზიდენტს მიმართავს, უკრაინას და საქართველოს NATO-ს არაწევრი ძირითადი მოკავშირეების სტატუსი მიენიჭოს.

გავრცელდა განცხადების ტექსტი, რომელშიც წერია, რომ "საქართველოს, რომელსაც არ აქვს საკმარისი უსაფრთხოების გარანტიები დასავლეთისგან და რუსული ოკუპაციისა და საფრთხეების წინაშე დგას, ასევე უნდა მიენიჭოს NATO-ს ​ არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსი, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის ჭეშმარიტი გამოხატულებაა".

ამავე განცხადებებში ვკითხულობთ, რომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტის მიმდინარეობისას, როგორც საქართველომ, ისე უკრაინამ მიიღო დაპირება, რომ ისინი NATO-ს წევრები გახდებოდნენ, თუმცა რეფორმებთან დაკავშირებული ფართო ძალისხმევის მიუხედავად, არც ერთ ქვეყნისთვის ამ დრომდე არ შეუთავაზებიათ გაწევრიანების გეგმა. შესაბამისად, ჰელსინკის კომისიის წევრები მიიჩნევენ, რომ შექმნილ ვითარებაში მნიშვნელობა ენიჭება საქართველოსა და უკრაინისათვის ამ სტატუსის მინიჭებას უსაფრთხოების კონტექსტში. 

NATO-ს მხრიდან დახმარების შესახებ საუბრის კონტექსტში ჰადსონის ინსტიტუტის პოლიტიკურ-სამხედრო ანალიზის ცენტრის დირექტორი რიჩარდ ვეითზი არ გამორიცხავს, რომ ამან რუსეთისთვის შესაძლოა ერთგვარი შემაკავებელი ფუნქცია იკისროს.

"ეს არის ერთგვარი კომპრომისი არასაკმარის ქმედებასთან NATO-ში დაუყოვნებლივ გაწევრიანებას შორის, რაც შესაძლებელი არ არის. ეს ქვეყანას უფრო ადვილ წვდომას აძლევს ამერიკის შეიარაღებასთან, უფრო დაჩქარებულ პროცესს, რაც, შეიძლება, რუსეთმა მტრულ ნაბიჯად ჩათვალოს, თუმცა ეს არ არის მნიშვნელოვანი არგუმენტი. 

ნებისმიერი რამ, რასაც შეერთებული შტატები აკეთებს, რუსეთისგან მტრულ ნაბიჯად აღიქმება, იქნება ეს ეკონომიკური, თუ უკრაინელი სამხედროების შეიარაღებით დახმარება რუსული ტანკების გასანადგურებლად. არ ვთვლი, რომ ეს შეიძლება მთავარი წუხილის საგანი გახდეს.  

შესაძლოა, წუხილი იყოს საქართველოსთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო თვეებში პუტინის რისხვას გადაურჩა, ვინმე შესაძლოა შიშობდეს, რომ ის საქართველოსკენ არ შებრუნდეს, თუმცა არგუმენტად შეიძლება ითქვას რომ საქართველოსთვის მეტი შეიარაღების მიწოდება შეკავება იქნება. უკრაინაში უკვე დადასტურდა, რომ უკრაინაში ამის გამო რუსეთს მაღალი ფასის გადახდა უწევს," - აცხადებს რიჩარდ ვეითზი.

არაწევრი ძირითადი მოკავშირის სტატუსის მინიჭება კონკრეტული ქვეყნებისთვის ნიშნავს დამატებით დახმარებას, როგორიცაა იარაღის გადაცემის შესაძლებლობა, ფინანსური დახმარება, რაც თავის მხრივ უფრო მეტი თანამშრომლობის ნიადაგს აჩენს NATO- სთან და ამავე დროს ეს იქნება ძალიან ძლიერი გზავნილი თბილისისა და კიევისთვის. 

ჰელსინკის კომისია შედგება 18 კონგრესმენისგან, ასევე, შემადგენლობაში შედიან აშშ-ის სახელმწიფო და თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები.

დღის ამბები