ომის მე-20 დღე უკრაინაში - რუსმა აგრესორებმა ვინიცის რაიონი ისევ დაბომბეს, მსხვერპლის და დაჭრილების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ხარკოვში მაშველებმა ნანგრევებში კიდევ 7 ცხედარი იპოვეს. 19 ადამიანის გარდაცვალება დასტურდება რივნეს სატელევიზიო ანძაზე თავდასხმის შედეგად. სამძებრო სამუშაოები გრძელდება.
4 ადამიანი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ლუგანსკის ოლქის ქალაქ რუბიჟნეში. ლუგანსკში რუსულმა ძალებმა გაანადგურეს 3 სკოლა, მხედველობადაქვეითებულ ბავშვთა სკოლა-პანსიონი და საავადმყოფო.
იზიუმის მერი ჰუმანიტარული დერეფნების გახსნას ითხოვს და ქალაქში არსებულ ჰუმანიტარულ კატასტროფაზე საუბრობს. ქალაქი უკვე 2 კვირაა ალყაშია წყლის, სინათლის, გათბობის, საკვების, მედიკამენტების და კომუნიკაციების გარეშე.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი კი აცხადებს, რომ უკრაინის და უკრაინელების უძლეველობის დასამტკიცებლად ომის 20 დღე საკმაოდ ბევრია. მისივე განმარტებით, უკრაინის პარტნიორები ჯერ კიდევ გადწყვეტილების მიღების პროცესში არიან იმასთან დაკავშირებით, მზად არიან თუ არა ისეთი პასუხისმგებლობა აიღონ, როგორიც უკრაინამ.
"ქვეყნის გმირობის მე-20 დღე. ომის მე-20 დღე - ეს ბევრია იმისთვის, რომ ყველას დავუმტკიცოთ, ჩვენ უძლეველები ვართ. ცვლილებები არ გვაქვს. ჩვენ ბრძოლა ვიცით და ეს უკვე ყველას ესმის. არ იცვლება ის, რომ ჩვენი პარტნიორები ჯერ კიდევ გაკვირვებით უყურებენ ამ ყველაფერს და ჯერ კიდევ თავიანთთვის წყვეტენ, მზად არიან თუ არა აიღონ ისეთი პასუხისმგებლობა, როგორსაც უკრაინა იღებს" - აცხადებს პოდოლიაკი. ის ასევე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ რუსულმა არმიამ ბრძოლა არ იცის, მან მხოლოდ სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა იცის.
"არ იცვლება ის ფაქტი, რომ რუსეთის არმიამ პრაქტიკულად არ იცის ბრძოლა, მან იცის მხოლოდ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა. რა თქმა უნდა, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, შედეგებს ვიღებთ, მტერს ყველა მიმართულებით მოვიგერიებთ. ის შეეცდება ჩვენს გატეხვას, მაგრამ ეს შეუძლებელია, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ უკრაინა, იმიტომ, რომ ჩვენ ვიბრძვით ჩვენი თავისუფლებისთვის და აუცილებლად გავიმარჯვებთ," - ამბობს მიხაილო პოდოლიაკი.
უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა კი იმ 9 ჰუმანიტარული დერეფნის მარშრუტებზე ისაუბრა, რომლებიც დღეის მდგომარეობითს უკრაინის ტერიტორიაზეა დამტკიცებული.
"დღეს, ჩვენ კიდევ ერთი დღით მივუახლოვდით გამარჯვებას. დღეისათვის დამტკიცებულია 9 ჰუმანიტარული დერეფნის მარშრუტი: დონეცკის ოლქში, მარიუპოლის მცხოვრებთათვის განკუთვნილი, ოკუპანტების მიერ შეფერხებული ჰუმანიტარული დახმარება კვლავ შეეცდება ბერდიანსკის დატოვებას. ათობით ტონა წყალი და წამლები მიეწოდებათ იმ ადამიანებს, რომელთაც ამის საჭიროება აქვთ, უკანა გზაზე კი მოხდება მოსახლეობის ტრანსპორტირება მარიუპოლიდან ზაპოროჟიემდე. კიევის ოლქში შედგება დერეფანი ბროვარის მიმართულებით.
ჩვენ საქმის კურსში ვართ ივანოვკაში არსებული უდიდესი პრობლემის შესახებ და ამ მარშრუტზე ვმუშაობთ. ვიმედოვნებ, რომ ხვალისთვის შევძლებთ ადგილზე ჰუმანიტარული დერეფნის უზრუნველყოფას. ასევე შედგება მარშრუტები სუმის ოლქიდან პოლტავას მიმართულებით და ხარკოვის ოლქიდან სოფელი ოსკოლის მიმართულებით," - განაცხადა ირინა ვერეშჩუკმა.
დღეისათვის მთავარი სიახლე, რასაც ელოდებიან როგორც უკრაინაში, ასევე ჩვენთანაც, ეს არის მოლაპარაკებების შედეგი, მეოთხე რაუნდის მეორე ნაწილი. მეოთხე რაუნდი გუშინ დაიწყო, შემდეგ შეფერხდა და დროებით შეჩერდა, მეორე ნაწილი კი დღეისთვის გადმოიტანეს, რათა გარკვეული დეტალები დაზუსტებულიყო. უკრაინული მხარის მოთხოვნები უცვლელია.