19 მაისი 2024,   04:14
ვრცლად
ომის მეოცე დღე - ახალი შტურმის მოლოდინში უკრაინის დედაქალაქი განსაკუთრებულ თავდაცვაზე გადადის

ომის მეოცე დღეს განგაშის სიგნალი გამთენიისას უკრაინის რამდენიმე რეგიონში ერთდროულად ჩაირთო. მთავარი სამიზნე ისევ კიევის ოლქია, თუმცა მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების საშუალებას უკრაინული არმია ოკუპანტებს არ აძლევს.

დედაქალაქის შესაძლო ბლოკადის საფრთხეზე უკრაინული მედია ჯერ კიდევ გუშინ წერდა. დღეს კი კიევში კომენდანტის წესები გამკაცრდა. თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით 15 დან 17 მარტის ჩათვლით მოსახლეობას ქუჩაში გადაადგილება მკაცრად ეზღუდებათ და გარეთ გასვლა მხოლოდ თავშესაფარში წასვლის მიზნით შეუძლიათ. სპეციალური საშვის გარეშე, ქუჩაში მოძრაობა საღამოს 8 დან დილის შვიდ საათამდე აკრძალულია. ქვეყანაში საგანგებო რეჟიმის გახანგრძლივების მოთხოვნით, დღესვე რადას ქვეყნის პრეზიდენტმაც მიმართა.

ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებით, რუსმა სამხედროებმა იერიში სარაკეტო კომპლექს "ისკანდერით" მიიტანეს.

ბაგა-ბაღების, სკოლებისა და სამშობიარო სახლების შემდეგ უსინათლო ბავშვთა თავშესაფარი დაიბომბა დღეს რუბიჟნეში, ლუგანსკის ოლქში. 

დნეპრში საერთაშორიო აეროპორტზე 2 სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. განადგურებულია ასაფრენი ბილიკი. 

დღეს კიდევ ერთი ჰუმანიტარული დერეფანი მოეწყო. მარიუპოლიდან 2 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მოხალისეებმა შეძლეს 100 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთის დატოვება ადგილობრივებისთვის. ოკუპანტებმა ჩაშალეს ხალხის ევაკუაცია ლუგანსკის რეგიონიდან. მშვიდობიანი მოსახლეობა ვერ გამოვიდა ჩერნიგოვოდან.

მძიმე მდგომარეობაა ივანოვკაში, საიდანაც მოსახლების ევაკუაცია და ჰუმანიტარული დერეფნის უზრუნველყოფა იგეგმება.

დღის ამბები