07 მაისი 2024,   08:42
ვრცლად
იმ ადგილებში, სადაც ბიზნესს მუშაობის საშუალება აქვს, კრედიტები 0%-ში გაიცემა - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ეკონომიკის სტიმულირების მიზნით, ქვეყნის იმ ნაწილებში, სადაც შედარებით მშვიდი გარემოა, კრედიტები 0%-ში გაიცემა. 

მან ასევე ისაუბრა ომის დროს ტყვედ ჩავარდნილ რუს ჯარისკაცებზე და მოუწოდა მათ დედებს, მოძებნონ თავიანთი შვილები ცხელი ხაზის მეშვეობით. 
 
"ჩვენი მამაცი ჯარისკაცები იცავენ ყველა იმ მიმართულებას, რომელსაც მტერი უტევს. ისინი პასუხობენ მტრის მიერ დასახლებულ პუნქტებსა და მშვიდობიან მოქალაქეებზე მიტანილ ყველა იერიშს. ტყვედ ავიყვანეთ ახალი რუსი ტყვეები, მათ შორის ისინიც, ვინც უკან, რუსეთში დაბრუნებაზე უარს აცხადებენ. ბევრ მათგანზე რუსეთი არც კი ფიქრობს, ისინი მათ უკან დაბრუნებას არც კი ცდილობენ. ბევრი რუსი ჯარისკაცის ოჯახში მათი გარდაცვალების შესახებ უკვე ცნობებიც მიიტანეს იმ დროს, როცა ისინი ტყვეებად გვყავს აყვანილი.

რუსებო, ვინც მისმენთ, ისაუბრეთ და მოყევით ამის შესახებ რუსეთში. ყველა დედამ, რომელმაც შვილი უკრაინაში საბრძოლველად გამოუშვა, უნდა გაარკვიოს,  სადაა თავისი შვილი. განსაკუთრებით კი მათ, ვინც შვილებს ვერ უკავშირდება, ან ვისაც უთხრეს, რომ ისინი დაიღუპნენ, მაგრამ ცხედრები არ გადაუსვენებიათ. სოციალურ ქსელებში გავრცელებულია ტელეფონის ნომრები, სადაც შეგიძლიათ დარეკოთ და გაარკვიოთ, რა ხდება თქვენი შვილების თავს.
 
ჩვენ არაფერში გვჭირდება 13 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცის ცხედარი. არც ამ ომში მონაწილეობა გვინდოდა. ჩვენ მხოლოდ მშვიდობა გვინდა და გვინდა, რომ თქვენი შვილები უფრო მეტად გიყვარდეთ, ვიდრე თქვენი მთავრობის გეშინიათ.
 
ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ აღდგენასთან დაკავშირებით რამდენიმე სიახლე მაქვს - მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, გააფართოოს ბიზნესის სუბსიდირება იმ ადგილებში, სადაც შედარებით მშვიდი გარემოა და ბიზნესს მუშაობის საშუალება აქვს. ამ ადამიანებისთვის კრედიტი 0%-ში გაიცემა," - განაცხადა ზელენსკიმ. 
დღის ამბები