26 აპრილი 2024,   15:05
ვრცლად
82 წლის ქალის მკვლელობისთვის დაკავებული, მეზობლების თქმით, მსხვერპლის ძმის შვილიშვილია - გლდანში მომხდარ მკვლელობის ახალი დეტალები

უკვე დაკავებულია ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც ნათესავი, 82 წლის ქალი ჯერ ბასრი საგნით მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით ცხედარს ცეცხლი მოუკიდა- "კურიერის" ინფორმაციით, მსხვერპლის სახლიდან წაღებულია ძვირფასეულობა.

82 წლის ქალის ცხედარი, რომელიც ნახევრად დამწვარია, გადასვენებულია ექსპერტიზაზე. მაშველებს ქალი გამთენიისას სახლში ცეცხლმოკიდებული დახვდათ, მაშველები მეზობლებმა გამოიძახეს, როდესაც სადარბაზოში დაკვამლიანება შენიშნეს.

როგორც მეზობლები "კურიერთან" ამბობენ, გარდაცვლილს ზურგის არეში ჰქონდა ცეცხლი მოკიდებული, სწორედ იქ, სადაც ბასრი საგნით ჰქონდა სასიკვდილო ჭრილობები მიყენებული. მეზობლების ვერსიით, ახალგაზრდა მამაკაცს გარდაცვლილის სახლის ინტერესი ჰქონდა. 

"გვეძინა, როცა ავდექით უკვე მოსული იყო სასწრაფო და სახანძრო. დიდი დაკვამლიანება იყო, ვერ პოულობდნენ საიდან მოდიოდა კვამლი. ბოლოს მეორე სართულზე რომ აკაკუნებდნენ შემთხვევით ჩამოწიეს მეორე სართულზე არსებული კარის სახელური, როცა სამაშველო შევიდა ქალბატონი ეგდო პირქვე და ცეცხლი ეკიდა. 

გასაქურდი არც არაფერი ჰქონდა... მარტოხელა ქალი იყო, მაგრამ ძმისშვილები და დისშვილები პატრონობდნენ, მოდიოდნენ ხოლმე, მიტოვებული არ ჰყავდათ, უბრალოდ მარტო ცხოვრობდა. ვინც გუშინ დააკავეს ეს არის ერთ-ერთი ძმის შვილიშვილი," - ამბობს მეზობელი. 

საგამოძიებო მოქმედებები მკვლელობის ადგილზე დასრულებულია. პოლიციის განყოფილებაში კი გრძელდება გამოკითხვები. გარდაცვლილის მეზობლები უკვე გამოკითხვა პოლიციამ. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსით 109-ე მუხლით და მკვლელობაში ბრალდებულს 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დღის ამბები