06 მაისი 2024,   16:17
ვრცლად
დაბომბილი კორპუსები, სკოლები, ბაღები და საავადმყოფოები - მარიუპოლი კვლავ ინტენსიური ბრძოლის ადგილად რჩება

დაბომბილი კორპუსები, სკოლები, ბაღები და საავადმყოფოები - საპორტო ქალაქი მარიუპოლი, რომელსაც პუტინის რეჟიმი მიწასთან ასწორებს, ქალაქი ყოველდღიურად დაუჯერებელი სისასტიკის მოწმეა.

რუსულ ბომბს მარიუპოლის 400-მდე მცხოვრები ვერსად გაექცა. სამიზნე ხელოვნების სკოლაც გახდა, ქალაქის მარცხენა სანაპიროზე რუსული ჭურვი პირდაპირ შენობას დაეცა. ქალები, ბავშვები და მოხუცები ნანგრევებში მოყვნენ. ისედაც მცირე რაოდენობის სამაშველო ჯგუფებს საქმე არ ელევათ. ქალაქის მთელი ძალისხმევა მეოთხე დღეა დრამის თეატრის ნანგრევებიდან ხალხის ამოყვანისკენ არის მიმართული. ახლა კი, გადარჩენილების ძებნა მაშველებს ხელოვნების სკოლის კედლებშიც უწევთ.

ოკუპანტი არკვევს თავშესაფრებს, ადგილებს, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქეა. მტრის მიზანი სწორედ მათზე სწორდება. ის, რაც ადამიანების უმრავლესობისთვის წარმოუდგენელია, რეალობაა უკრაინელებისთვის. კადრები კი, რომელიც ქვეყნის სხვადასხვა წერტილიდან ყოველწუთიერად ვრცელდება, ბევრს აქამდე მხოლოდ ფილმებში თუ უნახავს.

მარიუპოლის დასავლეთით მდებარე სოფელი სლობოდკა თითქმის სრულად არის განადგურებული. აქ არც სამხედრო ობიექტები და არც რუსეთისთვის სხვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი შენობებია, ცხოვრობს მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობა.

უკრაინის სამხრეთ საპორტო ქალაქი მარიუპოლი კვლავ ინტენსიური ბრძოლის ადგილად რჩება. სატელიტიდან გადაღებულ ფოტოში კარგად ჩანს ფაქტი, რომ ოკუპანტი იერიშს 10-ზე მეტ წერტილში ერთდროულად ახორციელებს. ჭურვები მშვიდობიან მოსახლეობას ხვდება.

რუსეთი აგრძელებს უკრაინის ქალაქის მის ხელთ არსებული ყველა არსენალის გამოყენებით განადგურებას. ავიაციის, არტილერიის, სხვადასხვა სისტემებისა და ტანკების შემდეგ რუსი ოკუპანტები ქალაქს ანადგურებენ საბრძოლო გემების მძიმე შეიარაღებით. მტრის ძალების 4-მა გემმა მარიუპოლს ცეცხლი დღეს რამდენჯერმე გაუხსნა.

ქალაქში არსებული სრული სურათის აღწერას ვერავინ ახერხებს. ამ დრომდე უამრავი ადამიანი რჩება დანგრეული შენობების ქვეშ. სამაშველო სამსახურები ნანგრევების დემონტაჟს ვერ ახერხებენ. ადგილობრივები ნათესავებს, ახლობლებსა და ნაცნობებს პარკებში, ეზოებსა და კერძო ბაღებში, ხშირ შემთხვევაში კი, საერთო თხრილში ასაფლავებენ.

"მარიუპოლის დედამიწიდან წაშლა სურს" - ასე აფასებენ ოფიციალურ კიევში ოლქზე განხორციელებულ თავდასხმებს.

საპორტო ქალაქი ალყაში მოქცევიდან მძიმე დღეშია. რუსმა სამხედროებმა არ დაინდეს 6 წლის ბავშვი და ის მშობლების თვალწინ მოკლეს. იერიში მიიტანეს სამშობიარო სახლზე. თავს დაესხნენ და ცეცხლი გაუხსნეს პურის რიგში მყოფ ადამიანებს. დაბომბეს დრამის თეატრში მყოფი ასობით ბავშვი. ხოცავენ ყველას და ანადგურებენ ყველაფერს.

დღის ამბები