03 მაისი 2024,   13:12
ვრცლად
საქართველოდან უკრაინაში მორიგი ჰუმანიტარული ტვირთი ჩავიდა

საქართველოდან უკრაინაში მორიგი ჰუმანიტარული ტვირთი ჩავიდა. პირველადი მოხმარების საგნები, მედიკამენტები და არამალფუჭებადი საკვები სატვირთო ავტომობილებით ლვოვში ჩაიტანეს. უკრაინის დასავლეთ ნაწილიდან ტვირთი კიევში უნდა გაიგზავნოს.

"საერთო ჯამში, ეს იყო 9 ტრაილერი, რომლიდანაც 2 გაიგზავნა წითელი ჯვრის ხაზით და და ჩაბარდა უკრაინის წითელ ჯვარს, 7 ტრაილერი ბარდება უკრაინის ფოსტას. ძირითადი ნაწილი ჩაბარდება აქ, შემდეგ ეს ტვირთი იგზავნება კიევში, ძირითად საწყობში, საიდანაც გადანაწილდება უკრაინის მასშტაბით იმისდა მიხედვით, სად რა მოთხოვნილება არსებობს. აქ არის ტანსაცმელიც, კვებაც, მათ შორის, ბავშვთა კვება, არის ელექტრომოწყობილობები, საბნები, ლეიბები და ა.შ. ყველაფერი ის, რაც დღეს ესაჭიროება უკრაინას,"-აცხადებს უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი. 
 
საქართველოს საპატიო კონსული ლვოვში, იაროსლავ მუზიჩკო მადლობას უხდის ქართველ ხალხს დახმარებისთვის.
 
"ლვოვი მთავარ ჰუმანიტარულ ცენტრად იქცა, აქ ათი ათასობით ლტოლვილი ჩამოდის და მათ დახმარება სჭირდებათ. ჰუმანიტარული ტვირთი იგზავნება ახლა იმ ქალაქებში, რომელიც რუსეთის აგრესიის შედეგად იბომბება. ჩვენ ძალიან მადლობლები ვართ დახმარებისთვის, მადლობას ვუხდით საქართველოს და ქართველ ხალხს. ყველა პროდუქტი, რაც გამოიგზავნა, ყველა ნივთი ახლა უკრაინელი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა,"-აცხადებს საპატიო კონსული. 
დღის ამბები