26 აპრილი 2024,   07:19
ვრცლად
წლების განმავლობაში ჩვენი რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება იზრდებოდა, რასაც ჩვენს წინააღმდეგ იარაღად იყენებენ - ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უკრაინაში მიმდინარე ომს - ცნობიერების გამოსაფხიზლებელს უწოდებს. ჟოზეფ ბორელის თქმით, ის, რაც უკრაინაში ხდება, არის მასშტაბური სამხედრო დანაშაული, რომელსაც სჩადიან რუსეთის შეიარაღებულ ძალები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ.

მისი თქმით, მინისტრებმა შესაძლო შემდგომი ზომები გააანალიზეს. ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დამატებითი სანქციების შესახებ მიმდინარე კვირაში გადაწყვეტილების მიღება კი ნაკლებ სავარაუდოა.

ბორელიმ თავის სიტყვაში ისიც აღნიშნა, რომ ევროკავშირი ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში, დამატებით 500 მილიონი ევროს გამოყოფს. 

"ვფიქრობ, უკრაინის ომი ჩვენი ცნობიერებისთვის ერთგვარი გამოსაფხიზლებელი იყო. მაგალითად, წლების განმავლობაში ჩვენი რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება იზრდებოდა და ახლა ჩვენ სრულად გავაცნობიერეთ ენერგოდამოკიდებულების იარაღად გადაქცევა. მას ჩვენს წინააღმდეგ იარაღად იყენებენ. ჩვენ ამაზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ. ჩვენ არ ვართ სამხედრო კავშირი, არ ვართ სამხედრო ალიანსი, თუმცა ჩვენ გვინდა, რომ შევასრულოთ როლი, მეტად უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება გამოწვევებით სავსე, საშიშ მსოფლიოში. ჩვენ არ ვცხოვრობთ ისეთ მსოფლიოში, როგორიც გვსურს, რომ ის იყოს. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ მსოფლიოში, როგორიც არის და ეს მსოფლიო არის გამოწვევებით სავსე და საშიში. ჩვენი სამეზობლო ცეცხლის ალშია, ჩვენ გამოწვევების, საშიში სიტუაციების ალყაში ვართ და ჩვენ ამას უნდა გავუმკლავდეთ. ყველა წევრი სახელმწიფო რჩება ერთიანი უკრაინის მხარდასაჭერად, უკრაინის დიპლომატიურ მხარდაჭერაში დიპლომატიურ და საერთაშორისო დონეზე. ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთის იზოლაციას, ვამხელთ მას ომის დანაშაულებსა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეშ დარღვევებში. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის ეკონომიკურ, ფინანსურ, ჰუმანიტარულ და უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას.

მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ ჩვენ მივაღწიეთ პოლიტიკურ შეთანხმებას, დამატებით 500 მილიონი ევროს გამოყოფას, ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში.

მიგვაჩნია, რომ ის, რაც უკრაინაში ხდება, არის მასშტაბური სამხედრო დანაშაული, რომელსაც სჩადიან რუსეთის შეიარაღებულ ძალები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. ეს არ შეიძლება დარჩეს უპასუხოდ. სწორედ ამიტომ მივესალმებით გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ საგამოძიებო კომისიის შექმნას, ასევე მივესალმებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის გამოძიებას და შეგახსენებთ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს განკარგულებას რუსეთის მიმართ, შეწყვიტოს შეჭრა უკრაინაში.

სანქციების ფორმალური დამტკიცება საჭიროებს პროცედურებს და არ ვფიქრობ, რომ ამ კვირის განმავლობაში მოხდება ამ სანქციების ფორმალური მიღება ჩვენი პროცედურების შესაბამისად. რა თქმა უნდა, როდესაც ევროკავშირის საბჭო კვლავ განიხილავს უკრაინაში შექმნილ სიტუაციას, ისინი კვლავ იმსჯელებენ, თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი დამატებით სანქციების კუთხით,"- აღნიშნა ბორელმა

დღის ამბები