20 ნოემბერი 2024,   17:30
ვრცლად
განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ისრაელის დელეგაციას უმასპინძლა

განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ისრაელის დელეგაციას უმასპინძლა - მხარეებმა სტუდენტების უკრაინიდან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მობილობის დეტალები განიხილეს. საქმე ეხება ჯანდაცვის მიმართულების სტუდენტებს, რომლებიც ისრაელის მოქალაქეები არიან, უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად კი ვერ აგრძელებენ სწავლას უკრაინის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში - ისინი გამოხატავენ სურვილს სწავლა საქართველოში გააგრძელონ.

"ის, რაც ხდება უკრაინაში, ტრაგედიაა, რამაც მილიონობით უკრაინის მოქალაქის ცხოვრება ტანჯვად აქცია. ასევე, რთულ პირობებში არიან უცხოელებიც, მათ შორის, არიან სამედიცინო მიმართულების ორი ათასამდე ებრაელი სტუდენტი, რომლებსაც მოუწიათ სწავლის შეწყვეტა უკრაინაში და სასწრაფოდ დაბრუნება ისრაელში. ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ საქართველოს მთავრობის, განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის და განათლების და მეცნიერების მინისტრის, იმისთვის, რომ დახმარება აღმოუჩინეს სტუდენტებს ამ რთულ სიტუაციაში. ჩვენ ველით, რომ ისინი ჩაირიცხებიან საქართველოში წამყვან სამედიცინო უნივერსიტეტებში და ფაკულტეტებზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს რეგიონულ ჰაბად, რეგიონულ აკადემიურ ჰაბად გადაქცევისკენ ებრაელი სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ საზღვარგარეთ სწავლა. სიტყვები არ მყოფნის იმის გამოსახატად, თუ როგორი მადლიერი ვარ იმ ეფექტური ნაბიჯებისთვის, რაც საქართველოს მთავრობამ გადადგა. ჩვენ ყველანი ძალიან მადლიერები ვართ," - ამბობს ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რან გიდორი​ რან გიდორი.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი გენერალური დირექტორმა ნისიმ ბენ შიტრიტმა საქართველოს მთავრობასა და განათლების სამინისტროს თანამშრომლობისთვის და ებრაელი სტუდენტების მისაღებად მზად ყოფნისთვის მადლობა გადაუხადა.

​"მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობასა და განათლების სამინისტროს თანამშრომლობისთვის და მზაობისთვის ებრაელი სტუდენტების მისაღებად შემჭიდროვებულ ვადებში, რომელთა რიცხვი 1500-2000-ია. გვჯერა, რომ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ საქართველოს მთავრობასთან, რათა უფრო გავაფართოვოთ თანამშრომლობა ებრაელი სტუდენტების საქართველოში სწავლის მიმართულებით. მჯერა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია," - აცხადებს ნისიმ ბენ შიტრიტი.

დღის ამბები