რუსეთის თავდასხმას ამ დრომდე 121 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო 167-მა - ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურის ოფისი ავრცელებს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 3 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი დაიღუპა ლუგანსკის ქალაქ რუბეჟნოეში. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსი სამხედროების მიერ ქალაქზე შეტევის დროს ჭურვი ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს მოხვდა.
ამასთან ოკუპანტებმა ღამე კიევის კიდევ ორი რაიონი დაბომბეს, არიან დაშავებულები. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ნივკში საცხოვრებელ კორპუსებზე თავდასხმა გრადით განხორციელდა. უკრაინული მედია ასევე წერს, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჩერნიგოვში, მდინარე დესნაზე მდებარე საავტომობილო ხიდი დაბომბეს, რომელიც ქალაქს კიევთან აკავშირებდა. შედეგად დაზიანებულია ხიდის ერთ-ერთი ღერძი.
საოკუპაციო ძალებმა მარიუპოლისკენ მიმავალი მოსახლეობის ევაკუაციისთვის განკუთვნილი 11 ავტობუსი ხელში ჩაიგდეს. უკრაინის მთავრობის ცნობით, რუსებმა ავტობუსები, მათი მძღოლები და საგანგებო სიტუაციების სამსახურის რამდენიმე თანამშრომელი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
"საოკუპაციო ჯარებმა შეთანხმება დაარღვიეს და ევაკუაციის უფლება არ მისცეს მარიუპოლის ორი სოფლიდან მომავალ მოსახლეობას. ოკუპანტებმა აიყვანეს ავტობუსების 11 მძღოლი და საგანგებო სამსახურის 4 ოფიცერი. მათი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. ვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ განთავისუფლებას.
ჩვენ უზრუნველვყავით ჰუმანიტარული დერეფნის მუშაობა მარიუპოლის ევაკუაციისთვის. 1100 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა ბერდიანსკიდან. ახლა ისინი ზაპოროჟიეში, უსაფრთხოდ არიან. მარიუპოლიდან ზაპოროჟიეში კერძო ავტომობილით 5926 ადამიანი ჩავიდა. ბერდიანსკში შევიდა ჰუმანიტარული დახმარება, მათ შორის საკვები და მედიკამენტები," - აცხადებს უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი.