04 მაისი 2024,   15:20
ვრცლად
რუსეთი ცდილობს, უშიშროების საბჭო თავისი სასტიკი ქმედებების დასაფარად გამოიყენოს - ლინდა თომას გრინფილდი

გაერომ არ მიიღო რუსეთის მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტი უკრაინაში ჰუმანიტარული სიტუაციის შესახებ. უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე დოკუმენტს მხარი მხოლოდ რუსეთმა და ჩინეთმა დაუჭირეს. დანარჩენმა 13-მა წევრმა თავი შეიკავა. რეზოლუციაში ნახსენები არ იყო არც უკრაინაში შეჭრა და არც რუსეთის როლი.

საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქცია მოსკოვის ცინიკურმა დამოკიდებულებამ გამოიწვია, რადგან უკრაინაში ჰუმანიტარული კატასტროფის ერთადერთი მიზეზი თავად რუსეთია. დიპლომატებმა თქვეს, რომ არ მისცემენ მოსკოვს საშუალებას, გაეროს უშიშროების საბჭო დეზინფორმაციის და პროპაგანდის გასავრცელებლად გამოიყენოს.

"რუსეთი ცდილობს, ეს საბჭო თავისი სასტიკი ქმედებების დასაფარად გამოიყენოს. ჰყოფნის თავხედობა, წარმოადგინოს რეზოლუცია და საერთაშორისო თანამეგობრობისგან იმ ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარება ითხოვოს, რომელიც მხოლოდ რუსეთმა შექმნა. შეერთებულ შტატებს განზრახული აქვს, არ მიიღოს მონაწილეობა, რადგან ცხადია, რომ რუსეთს არ ადარდებს ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესება და ამ ომის მიერ, მილიონობით ადამიანის ცხოვრების და ოცნებების დამსხვრევა. მათ ეს რომ აღელვებდეთ, ბრძოლას შეწყვეტდნენ. რუსეთი აგრესორი და თავდამსხმელია," - აცხადებს აშშ-ს ელჩი გაეროში ლინდა თომას გრინფილდი.

რეზოლუციაში, რომელიც რუსეთმა წარმოადგინა, უკრაინაში დაწყებულ ომში მოსკოვის როლი საერთოდ არ იყო ნახსენები. როდესაც რეზოლუცია კენჭისყრაზე დადგა, მას მხარი მხოლოდ რუსეთმა და ჩინეთმა დაუჭირეს. უშიშროების საბჭოს ყველა დანარჩენმა წევრმა, კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა. დოკუმენტის მიღებას სულ მცირე, 9 დადებითი ხმა სჭირდებოდა.

"გაერთიანებული სამეფო არ უყრის კენჭს არც ერთ რეზოლუციას, არც აქ და არც გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც არ აღიარებს, რომ რუსეთი ამ ჰუმანიტარული კატასტროფის ერთადერთი მიზეზია და დასრულებაც მასზეა დამოკიდებული. რუსეთის პროექტი ყველა მხარეს მოუწოდებს, პატივი სცენ საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონმდებლობას და იგნორირებას უწევს იმას, რომ სამხედრო დანაშაულს რუსეთი ჩადის. რუსეთის პროექტი მოუწოდებს სამოქალაქო პირების, მათ შორის ქალების და ბავშვების დაცვისკენ, თუმცა არაფრად აგდებს სამშობიაროების, სკოლების და სახლების დაბომბვას. რუსეთს რომ ჰუმანიტარული მდგომარეობა ადარდებდეს, ის ბავშვების დაბომბვას შეწყვეტდა," - ამბობს ბრიტანეთის ელჩი გაეროში ბარბარა ვუდვორდი.

ბრიტანელმა დიპლომატმა თქვა, რომ გენერალური ასამბლეა მალე კენჭისყრაზე გაიტანს რეზოლუციას, რომელშიც აღნიშნული იქნება, რომ ამ ჰუმანიტარული კატასტროფის დასრულების ერთადერთი გზაა, რუსეთმა ომის შეწყვიტოს. რეზოლუცია კი არა აგრესორის, არამედ მსხვერპლის მიერ იქნება წარმოდგენილი.
შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ, დღეს უკრაინაში რუსეთის მიერ სამხედრო დანაშაულების ჩადენა ოფიციალურად შეაფასა. ამის შესახებ განცხადება ენტონი ბლინკენმა გამოაქვეყნა. მოგვიანებით კი ადმინისტრაციის გადაწყვეტილება განმარტა სახელმწიფო დეპარტამენტის საგანგებო დავალებათა ელჩმა, რომელიც საერთაშორისო სისხლის სამართლის, გენოციდის, სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის თემებს კურირებს.

"არაერთი სანდო წყაროს ცნობა არსებობს ჰოსპიტალებზე, სკოლებსა და თეატრებზე წინასწარგანზრახული და განურჩეველი თავდასხმების შესახებ. რუსულმა ძალებმა გაანადგურეს საცხოვრებელი სახლები, სკოლები, საავადმყოფოები და სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. შოკირებულები ვიყავით, მარიუპოლის სამოქალაქო ობიექტებზე რუსული ძალების დარყმების კადრების ნახვით. მათ შორის, სამშობიაროზე, მუზეუმსა და სკოლაზე. გაერომ და სხვა სანდო დამკვირვებლებმა ასობით სამოქალაქო პირის სიკვდილი დაადასტურეს და ჩვენი აზრით, დაღუპულ სამოქალაქო პირთა რაოდენობა ათასობით იქნება.

შეფასება დასრულებულია ჩვენს ხელთ არსებული დაზვერვის და საჯარო ინფორმაციის გულმოდგინე განხილვის საფუძველზე. ეს განხილვა ეფუძნება შეფასებას, რომელიც სახელმწიფო მდივანმა დღეს გამოაცხადა: რუსეთის ძალები ნამდვილად ჩადიან სამხედრო დანაშაულს უკრაინაში," - აცხადებს საგანგებო დავალებათა ელჩი ბეთ ვან შააქი.

ამერიკის ადმინისტრაცია აპირებს მონაცემები მოკავშირეებს და საერთაშორისო ინსტიტუტებს გაუზიაროს. სავარაუდოდ, მოკავშირეებიც დაადასტურებენ, რუსეთის მიერ სამხედრო დანაშაულების ჩადენას. ამერიკის ადმინისტრაცია დანაშაულის ჩამდენთა გასამართლებას ითხოვს. შეერთებული შტატები, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს 123 წევრ სახელმწიფოში არ შედის. ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოს პროკურორისთვის თავის დროზე სანქციებიც აქვს დაწესებული, რომელიც ახალმა ადმინისტრაციამ მოხსნა. ვაშინგტონში განმარტავენ, რომ ყველა ვარიანტი იქნება განხილული. როგორც შიდასახელმწიფო სასამართლოები, ასევე ჰააგა.

დღის ამბები