04 მაისი 2024,   13:40
ვრცლად
დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ - ალიანსის წევრი 30 სახელმწიფოს ლიდერი დღეს NATO-ს შტაბბინაში საგანგებოდ შეიკრიბა

ალიანსის წევრი 30 სახელმწიფოს ლიდერი დღეს NATO-ს შტაბბინაში საგანგებოდ შეიკრიბა. მიზეზი უკრაინაში მიმდინარე პროცესები და საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის მხარდაჭერის კიდევ ერთხელ გამოხატვა იყო. ლიდერები  ალიანსის შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. რუსეთის აგრესიული რეჟიმის შესაჩერებლად, უკრაინას NATO დამატებით სამხედრო შეიარაღებას მიაწვდის, თავდაცვის გაძლიერებისთვის კი სამხედრო ძალებს აღმოსავლეთ ფლანგზე განალაგებს.

მოკავშირეებისგან რომ უკრაინა საკმარის სამხედრო დახმარებას ვერ იღებს, ეს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში შეკრებილ ლიდერებს პირადად უთხრა. პრეზიდენტმა NATO-ს წევრები უკრაინის საჰაერო სივრცის ჩაკეტვაზე უარის გამოც გააკრიტიკა.

უკრაინის მხარდასაჭერად უფრო ეფექტური ქმედებების საჭიროებაზე თავად დასავლელი ლიდერებიც საუბრობენ. სამხედრო ალიანსის წარმომადგენლები პუტინის აგრესიის შესაჩერებლად, ყველა შესაძლებლობის მაქსიმალურად გამოყენებაზე აკეთებენ აქცენტს.

უკრაინაში საომარი მოქმედებების პარალელურად, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, რეგიონში არსებული ვითარებაც განიხილეს და NATO-ს არაწევრი სახელმწიფოებიც ახსენეს. მათ შორის საქართველო, რომელიც ალიანსის ლიდერების შეფასებით, რუსეთის მხრიდან ასევე საფრთხის ქვეშ იმყოფება.

საგანგებო სამიტის დასრულების შემდეგ NATO-ს ლიდერების სახელით ერთობლივი განცხადებაც გავრცელდა. NATO რუსეთს ომის დაუყოვნებლივ დასრულებისკენ, წერილობითი ფორმითაც მოუწოდებს.

დღის ამბები