04 მაისი 2024,   13:00
ვრცლად
NATO, ევროკავშირი, G7 - ბრიუსელი ერთდროულად სამ საგანგებო შეკრებას მასპინძლობს

ნატო, ევროკავშირი, G7 - ბრიუსელი ერთდროულად სამ საგანგებო შეკრებას მასპინძლობს.
დასავლეთის ყველა სპეცსამსახური ახლა ბელგიაშია მობილიზებული. უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთი თვის თავზე ლიდერები კვლავ მსჯელობენ როგორ აგებინონ პასუხი პუტინს ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ომის გაჩაღებისთვის.

ორი ერთნაირი ამერიკული ბორტი ნომერი ერთი ბრიუსელში წუხელ დაეშვა. გასაიდუმლოებული იყო, რომელში იმყოფებოდა ჯო ბაიდენი, რომელსაც 700 კაციანი სპეცრაზმი იცავს და რომლის ბრიუსელში ჩასვლისთანავე ბელგიის ცა ჩაიკეტა.

ცა ისევ ღიაა უკრაინაში, რომლის დახმარების გზებზე დღეს სამი სხვადასხვა გაერთიანება მსჯელობს. რუსეთის გარდა ალიანსს ჩინეთის მერყევ პოზიციაზეც უწევს მკვეთრი განცხადებების გაკეთება.

ბაიდენმა უკვე განაცხადა, რომ რუსეთს სასტიკი ომის გამო პასუხს აგებინებენ, თუმცა ყველა ელოდება შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვრცელ სიტყვას, რომელმაც დღევანდელი დღის შედეგები უნდა შეაჯამოს.

მედიის წინაშე უკვე გამოვიდნენ ემანუელ მაკრონი და ოლაფ შოლცი. რიგში დგას ბორის ჯონსონი.

"ჩვენ გვსურს ყველა სანქციის ბოლომდე იმპლემენტაცია. ჩვენ ვხედავთ, რომ ეკონომიკური სანქციები ეფექტურად მუშაობს რუსეთზე. სანქციების პაკეტში არ შედის ენერგორესურსებზე შეზღუდვა, მაგრამ ჩვენ გვსურს, რომ ნაკლებად დამოკიდებული ვიყოთ რუსულ ენერგორესურსებზე, ამაზე ბევრს ვმუშაობთ.

ჩვენ დიდი ხანია ვცდილობთ ენერგორესურსების დივერსიფიცირებას. გერმანია ცდილობს თავიდან აიცილოს ქვანახშირის იმპორტი, თუ ელექტროენერგიის წარმოებას შევძლებთ მზის ენერგიით და ბეჯითად ვიმუშავებთ, მაშინ მთელ სცენარს შევცვლით. ეს არის ჩვენი სტრატეგია, რაზეც ვმუშაობთ, ჩვენი ენერგოსისტემა იყოს მდგრადი და სტაბილური. რაც შეეხება ენერგორესურსების რუბლით გადახდას, არსებობს კონტრაქტები, სადაც განსაზღვრულია ვალუტაც და ჯარიმებიც. გადახდა მოხდება ისე, როგორც ეს კონტრაქტით არის გათვალისწინებული. ჩვენი აქ ყოფნით ვახდენთ ერთიანობის დემონსტრირებას. ჩვენ ერთად გავცემთ პასუხს არსებულ გამოწვევებს," - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა.

უკრაინის ომს გამოცდას უწოდებს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი:

"მე ვფიქრობ, რომ უკრაინის ომი ეს ერთ-ერთი გამოცდაა. დიდი შვიდეულის სამიტმა ამ რეაგირებას კიდევ სხვა ასპექტები შესძინა. ჩვენ შევიმუშავეთ სანქციების პაკეტები და ჩვენ მუდმივად ვრეაგირებთ მოკავშირეებთან ერთად. შევთანხმდით დიდი შვიდეულის შეხვედრაზე იმ სანქციების თაობაზე, რომლებიც სათანადოდ უნდა დაინერგოს შესაბამისი მექანიზმების გამოყენებით. ჩვენი ამ მიმართულებით ერთსულოვანი ვართ. ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ უნდა მოხდეს ძალების მობილიზება და თანამშრომლობა ჩვენს მეგობრულად განწყობილ ქვეყნებთან. იმ ქვეყნებთან, რომლებიც არ არიან დიდი შვიდეულის და ნატოს წევრები, რომლებიც უნდა შეუერთდნენ ჩვენს სანქციებს იმისათვის, რომ დავასუსტოთ რუსეთის შესაძლებლობები. რა თქმა უნდა, ეს სანქციები ეკონომიკურ ზეგავლენას მოახდენს რუსეთზე და მისი ქმედებების შეკავებას უზრუნველყოფს. ომის შედეგები ყველაზე ძლიერ ზეგავლენას მოახდენს, განსაკუთრებით სოლიდარობა უნდა გამოვუცხადოთ იმ ქვეყნებს, რომლებიც ღებულობენ ლტოლვილებს,"- აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

ომის გამო რუსეთს პასუხისგებას პირდება აშშ-ის პრეზიდენტი:

"ნატოს ლიდერები დღეს შეიკრიბნენ უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი შეჭრის ერთი თვის თავზე, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ მტკიცე მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისადმი, ჩვენი შემართება, ვაგებინოთ პასუხი რუსეთს სასტიკი ომის გამო და ჩვენი თავდადება, გავაძლიეროთ ნატოს ალიანსი,"- განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ალიანსის 30 წევრი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის შემდეგ, უკვე დასრულდა დიდი შვიდეულის შეკრებაც და წინ ევროკავშირის საგანგებო სხდომაა, რომელსაც პირველად ისტორიაში ფიზიკურად ესწრება შეერთებული შტატების პრეზიდენტი.

დღის ამბები