დიპლომატიური კუთხით, ძალზე მნიშვნელოვანი და დაძაბული დღეები - უკრაინის პრეზიდენტი საკმაოდ რთული კვირის დაწყებას პროგნოზირებს. გვიან ღამით გავრცელებულ მიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამჯერადაც ქვეყანაში განვითარებული ბოლო მოვლენები შეაფასა და მხარეებს შორის მოლაპარაკებებზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუზე.
"ძვირფასო უკრაინელებო, დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რამდენად შორს ვართ რუსეთის ფედერაციისგან. ყველამ იცის, რომ დღეს იმ რუს ჟურნალისტებთან ჩავწერე ინტერვიუ, რომლებსაც შეუძლიათ, რომ თავს თავისუფალი სიტყვის გაჟღერების ნება მისცენ. როდესაც ისინი ინტერვიუს გამოქვეყნებას აპირებდნენ, რუსეთის კომუნიკაციების სააგენტო დაემუქრა და გაუგზავნა წერილი, რომ მასალის გამოქვეყნებას უკრძალავდნენ. სასაცილო იქნებოდა, ისინი თავიანთ ქვეყანაში, მეზობელი ქვეყნის განადგურების პარალელურად, თავისუფალი სიტყვის განადგურებას რომ არ ცდილობდნენ. თავს მსოფლიოს წამყვან მოთამაშეებად წარმოაჩენენ, ამავდროულად კი ჟურნალისტებთან საუბრის გამოქვეყნების ეშინიათ. ესე იგი, ყველაფერს სწორად ვაკეთებთ და ისინი ნერვიულობენ.
მივმართავ უცხო ქვეყნის პარლამენტის წევრებს და ვეტყვი, რომ წინ დიპლომატიური კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი და დატვირთული კვირა გველოდება. ვერცერთი პოლიტიკოსი ვერ შეძლებს თავის კაბინეტში უკრაინული ინტერესების დამალვას. წინ მოლაპარაკების კიდევ ახალი რაუნდი გველოდება. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია მშვიდობა. როგორც მათ შემოგვითვალეს, უმჯობესი იქნება პირისპირ შეხვედრა თურქეთის ტერიტორიაზე. ცუდი აზრი არაა. დავაკვირდებით, რა მოხდება. მოლაპარაკების მაგიდაზე ჩვენი ურყევი პოზიცია დაფიქსირებულია, ეს არის უკრაინის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა. რა თქმა უნდა, ასევე, უსაფრთხოების გარანტიები და ომის დასრულება," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.