კოვიდ რეგულაციების ნაწილი დღეიდან უქმდება. ამიერიდან აღარ არის სავალდებულო ღია სივრცეში პირბადის ტარება, ასევე იხსნება რაოდენობრივი შეზღუდვა როგორც საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე, ასევე სპორტულ, სახელოვნებო და სოციალურ ღონისძიებებზე. დისტანციურ სამუშაო გრაფიკზე მყოფი თანამშრომლები თავიანთ სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან. ასევე უქმდება თვითიზოლაციის ვალდებულება საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში PCR ტესტის გარეშე ბრუნდებიან. სავალდებულო რჩება პირბადის ტარება დახურულ სივრცეებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
"დღევანდელი მდგომარეობა გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს. ყველა მაჩვენებელი შემცირებულია, დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე ინფიცირებულთა სტაბილური რიცხვია და მოსალოდნელია კიდევ უფრო შემცირდეს. ერთადერთი რისკი, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს არამედ სხვა ქვეყნებსაც აქვს, ეს არის ახალი ვარიანტის გამოჩენა, რომელმაც შეიძლება რადიკალურად შეცვალოს მდგომარეობა," - განაცხადა იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, ასაკოვან და რისკ-დაავადებების მქონე პირებს, პირბადის შენარჩუნების რეკომენდაციას აძლევს:
"პანდემიის ამ ეტაპზე გარკვეულწილად დაღლილობაც შეინიშნება მთელ მსოფლიოში და ჩვენს მოსახლეობაში . ამიტომ როდესაც არსებობს ამის შესაძლებლობა დერეგულაციის საკითხები რა თქმა უნდა, უნდა იყოს განხილული. თუმცა, ძალიან რთულია, ზოგადი რეგულაციები სახელმწიფოს მხრიდან ინდივიდუალურ ადამიანებს მოვარგოთ. ამიტომ ჩვენ როგორც სპეციალისტები და ექიმები ვალდებულები ვართ, ადამიანებს, რომელთაც აქვთ ასაკი, რისკის დაავადებები, მათ უნდა შევახსენოთ, რომ პირბადის ძალა არის მნიშვნელოვანი და უნდა გამოიყენონ, ვინაიდან ეს ვირუსი ისევ ჩვენ შორის ცირკულირებს," - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.