16 ნოემბერი 2024,   04:33
ვრცლად
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ბრიუსელში შეხვედრებს მართავს - შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტს შეხვდება

უკრაინის ომი და რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო - საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ბრიუსელში შეხვედრებს მართავს. განხილვის მთავარი თემა საქართველოს ევროპული პერსპექტივაა.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დღეს შეხვედრას ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, რობერტა მეცოლასთან გამართავს.

"საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე შეტანილ განაცხადს ახალ ეტაპზე გადავყავართ და ამიტომ, ამ მხრივაც მნიშვნელოვანია შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან. ვფიქრობ, ეს იქნება, მათ შორის, საფუძველი პარლამენტებს შორის თანამშრომლობისა. ამ განაცხადის საფუძველზე, იქმნება ახალი შესაძლებლობებიც, მათ შორის, კომუნიკაციის კუთხით. 

მნიშვნელოვანია, ეს შესაძლებლობები გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ეს ეტაპი საქართველომ სწრაფად გაიაროს – რაც ეხება განაცხადის შემდეგ შეფასების პერიოდს, კანდიდატის სტატუსის მინიჭებაც შეძლებისდაგვარად მალე მოხდეს და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი საქართველომ ევროკავშირთან მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმში გაიაროს," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია რომ პარტნიორების მხრიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე სათანადო მხარდაჭერა ჰქონდეს.

დღის ამბები