პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცრუ ინფორმაციას ავრცელებს. მისივე თქმით, თუ სიმართლის გასარკვევად საჭირო იქნება მიმოწერის გამოქვეყნება, ამასაც გააკეთებენ.
"პრეზიდენტის ინსტიტუტი, როგორც კონსტიტუციური ორგანო, ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს. გაუგებარია, რას უნდა ემსახურებოდეს ეს. სიმართლე არის ფაქტებში, ეს ფაქტები მდგომარეობს კონკრეტულ ტექსტში და ეს ტექსტი და კონკრეტული ინფორმაცია არის მიწერილი და მიწოდებული შესაბამისი ინსტიტუტისთვის. თუ იქამდეც უნდა მივიდეთ, რომ ეს მიწერ-მოწერაც გასაჯაროვდეს, რაც არის ფაქტები და რაზეც მთავრობის ადმინისტრაციის ოფიციალური განცხადებით ნათელია, შესაძლებელია, ასეც მოხდეს,"-აცხადებს ოხანაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საუბარია დიპლომატების დანიშვნის საკითხზე. მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში, პრეზიდენტის მხრიდან არაერთხელ იქნა უარყოფილი ან რეაგირების გარეშე დატოვებული მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩების ან მისიის ხელმძღვანელების კანდიდატები; რასაც კატეგორიულად უარყოფს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტისა თუ მისი ადმინისტრაციის ტყუილში დადანაშაულება, რომელიც ზრდილობასაც და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, იწვევს საზოგადოებაში არასასურველ დაძაბულობას.