16 ნოემბერი 2024,   05:18
ვრცლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეუთო-ს თავმჯდომარეს, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზბიგნევ რაუს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ზბიგნევ რაუს შეხვდა.

მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს.

პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინას, ეხმარება ქვეყანას ჰუმანიტარულად და მხარს უჭერს პოლიტიკურად, აგრეთვე ყველა საერთაშორისო ფორმატში. პრემიერმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის უმნიშვნელოვანეს როლსა და ქმედით ნაბიჯებს ომის რაც შეიძლება მალე დასრულებისთვის.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეუთო-ს თავმჯდომარეობის პერიოდში სამომავლო თანამშრომლობას და ამ კონტექსტში რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს. ირაკლი ღარიბაშვილმა  ზბიგნევ რაუსთან საუბრისას ხაზი გაუსვა ეუთო-ში პოლონეთის თავმჯდომარეობის პერიოდში  საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის მაღალ დონეზე შენარჩუნების მნიშვნელობას,  ასევე ეუთო-ს მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების (GID) პროცესში და ფორმატის ეფექტიანად გამოყენებისა და ხელშესახები შედეგების მიღწევის საჭიროებას.  ყურადღება გამახვილდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ეფექტური თანათავმჯდომარეობის მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკას.

პოლონელმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ისევე როგორც ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერა.

შეხვედრისას, პრემიერ-მინისტრი მიესალმა იმ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტებს, რომელიც ეუთო-ს თავმჯდომარეობის პერიოდში პოლონეთის მხრიდან არის გაცხადებული. მთავრობის მეთაურმა პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა საქართველოში ვიზიტისთვის.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას პოლონეთის მხრიდან: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკევიჩი, პოლონეთის ელჩი მონტენეგროში, ეუთო-ს თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი არტურ დმოხოვსკი, პოლიტიკური დირექტორი საგარეო საქმეთა სამინისტროდან ვიტოლდ სობკუვი, პოლონეთის ეუთო-ს თავმჯდომარეობის საორგანიზაციო ოფისის ხელმძღვანელი პაველ კოტოვსკი, ეუთო-ს თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ვიორელ მოშანუ და ეუთო-ს სამდივნოს ექსპერტი სამხრეთ კავკასიის საკითხებში ზიგფრიდ ვიობერი, ხოლო საქართველოს მხრიდან: ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთო-ში, საქართველოს ელჩი ავსტრიაში ქეთევან ციხელაშვილი ესწრებოდნენ.

დღის ამბები