20 ნოემბერი 2024,   19:17
ვრცლად
"პრეზიდენტო ზელენსკი, მანდ თუ ვერ ჩამოვედი, აქედან გეხმარებით" - რა მიმართვა გაავრცელა ლევან მაჩაბელმა, სანამ მას საოკუპაციო რეჟიმი დააკავებდა

საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს საოკუპაციო ძალებმა - ე.წ. უშიშროების კომიტეტის ვერსიით, სოფელ ქერეს მიმდებარე ტერიტორიაზე, ოკუპირებულ სოფელ გოიათასთან დააკავეს ყოფილი ჯარისკაცი, დე ფაქტო КГБ, აქვე ფაქტს პროვოკაციას უწოდებს.

დეფაქტო რეჟიმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს სუსი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ გავრცელებული ცნობა, თითქოს უკანონოდ დაკავებული პირი მოქმედი სამხედროა, სიმართლეს არ შეესაბამება.

"კურიერის" ინფორმაციით, ლევან მაჩაბლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მიმდინარეობს მოლაპარაკებები მის გასათავისუფლებლად. როგორც დაკავებულის მეუღლემ სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა, მან ლევან მაჩაბლის უკანონო დაკავების შესახებ ორი დღის წინ გაიგო.

ასევე ვრცელდება ვიდეომიმართვა, რომელიც ლევან მაჩაბელმა უკანონოდ დაკავებამდე ჩაწერა, სადაც ის საკუთარ გეგმებზე საუბრობს.

"20 დღეა ვცდილობ ამ ჩემი ქვეყნიდან ჩამოვსულიყავი უკრაინაში და თქვენს გვერდით დავმდგარიყავი. მე 2008 წლის ვეტერანი ვარ, მახსოვს დღეები რუსები, როგორ გვიტევდნენ. ისიც მახსოვს თქვენით ბიჭები უკრაინელები ჩემს გვერდით, რომ იყვნენ. მე რუსეთთან ჩაუბმელი ვერ ვიქნები, როცა ვხედავ ბავშვებს კლავენ. მე თვქენზე მოვდივარ აქედან... საქართველოდან პირდაპირ რუსებზე. პრეზიდენტო ზელენსკი მანდ თუ ვერ ჩამოვედი აქედან დაგეხმარებით,"- ამბობს ლევან მაჩაბელი. 

დაკავების შესახებ იციან ადგილობრივებმაც, თუმცა დეტალების შესახებ უჭირთ საუბარი. მათი თქმით, ლევან მაჩაბელს ისინი პირადად არ იცნობდნენ.

"გვარი გავიგე მაგრამ არ მგონია, რომ ამ სოფელში ცხოვრობდეს გვარი მეუცხოვა, მაგრამ ფაქტია გაიტაცეს და დასადგენია რაზე გაიტაცეს. დივერსანტობას აბრალებენ და რამდენად მართალია არ ვიცი,"- ამბობს ადგილობრივი. 

უკანონო დაკავების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ოფიციალური განცხადება სადაც წერია, რომ მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები, გააქტიურებულია ცხელი ხაზი და დაუყოვნებლივ მიეწოდა ინფორმაცია საერთაშორისო პარტნიორებსაც. 

დღის ამბები