03 მაისი 2024,   12:06
ვრცლად
ეს არის სისასტიკე მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ, რომელიც ევროპაში ათწლეულების მანძილზე არ გვინახავს - რა გამოხმაურებები მოჰყვა ომის ახალ დანაშაულებს

უკრაინაში რუსეთის შეჭრის 39-ე დღეს რუსული სისასტიკის ნიშნული ახალ საფეხურზე ავიდა.  დაბომბილ ქალაქები, თავდასხმა სამოქალაქო ობიექტებზე და დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობა - ეს ის ყოველდღიური ამბებია, რასაც მედია ყოველდღიურად აშუქებს. თუმცა, ამჯერად გავრცელდა კადრები ქალაქ ბუჩადან, რომელმაც საერთაშორისო საზოგადოება კიდევ ერთხელ შეძრა. ქალაქში, საიდანაც რუსულმა ჯარმა უკან დაიხია ქუჩები ცხედრებით არის სავსე. ჩანს დაცხრილული მშვიდობიანი, უიარაღო ადამიანები. დაღუპულთა ნაწილს ხელები ჰქონდა შეკრული და ნაწამები იყო.

ასევე საუბარია ქალებზე, რომლებიც გააუპატიურეს და შემდეგ დახვრიტეს. უკრაინის ხელისუფლება ომის დანაშაულების გამოძიებას და რუსეთის უმკაცრესად დასჯას მოითხოვს.

"ეს გენოციდია. მთელი ერისა და ხალხის წმენდა. ჩვენ უკრაინის მოქალაქეები ვართ. ჩვენ 100-ზე მეტი ერი გვყავს. ეს ყველა ამ ეროვნების განადგურებას და გაქრობას ეხება. ჩვენ უკრაინის მოქალაქეები ვართ და არ გვსურს რუსეთის ფედერაციის პოლიტიკას დავემორჩილოთ. ესაა მიზეზი, რის გამოც გვანადგურებენ და გვჟლეტენ. ეს ხდება 21-ე საუკუნის ევროპაში. ეს მთელი ერის წამებაა," - განაცხადა ზელენსკიმ.

ომის ამ შემზარავამ დანაშაულს უკვე მოჰყვა საერთაშორისო შეფასებები. ნატოს გენერალური მდივნის შეფასებით, ეს არის სისასტიკე მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ, რომელიც ევროპაში ათწლეულების მანძილზე არ უნახავს.

"ჩვენ გამოვედით და ვთქვით, რომ გვჯერა, რომ რუსულმა ძალებმა ჩაიდინეს ომის დანაშაულები და ჩვენ ვმუშაობთ ამის დოკუმენტირებაზე, რათა მივაწოდოთ ინფორმაცია შესაბამის ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ამ ყველაფერს ერთად განათავსებენ. ამ ყველაფერზე საჭიროა რომ იყოს ანგარიშვალდებულება. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის რომ ჩვენ ურეაქციოდ ვერ ვიქნებით. ეს არის რეალობა რაც ყოველდღიურად ხდება, სანამ რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ გრძელდება. სწორედ ამიტომ საჭიროა რომ ეს დასრულდეს," - აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა

"ეს არის სისასტიკე მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ, რომელიც ევროპაში ათწლეულების მანძილზე არ გვინახავს. საშინელებაა და აბსოლუტურად მიუღებელია, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები ხდებიან სამიზნე და მათ კლავენ. ეს უბრალოდ ხაზს უსვამს მნიშვნელობას, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს. მე მტკიცედ მივესალმები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებას, რომელიც უკრაინაში ომის დანაშაულებებზე დაიწყო," - აღნიშნა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

დღის ამბები