მომდევნო 2 თვეში, დიალიზის თერაპია, დამატებით, 7 ქალაქში იქნება ხელმისაწვდომი - განცხადება ამის შესახებ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გააკეთა.
ზურაბ აზარაშვილის ინფორმაციით, უკვე მიღწეულია შეთანხმება 4 კერძო კლინიკასთან. სწორედ ისინი შესთავაზებენ, 4 სხვადასხვა ქალაქში, ბენეფიციარებს დიალიზის თერაპიას. ამასთან, პაციენტები, მათი სიცოცხლისათვის აუცილებელ მომსახურებას მიიღებენ თიანეთში, მესტიასა და ამბროლაურში.
"ჩვენ ყველა ქალაქში შევისწავლეთ, ამ კუთხით, არსებული სიტუაცია - პირველ ეტაპზე, შევთანხმდით, რომ თიანეთი, მესტია და ამბროლაური ყველაზე კრიტიკული ლოკაციებია. ამასთან, 4 კერძო კლინიკასთან მივაღწიეთ შეთანხმებას, დამატებით, 4 ქალაქში იყოს დიალიზის სერვისი - მომდევნო 2 თვის განმავლობაში, ჯამში 7 ქალაქში, სრულად იქნება ხელმისაწვდომი დიალიზის თერაპია," - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
აღნიშნული სერვისები "დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში იხსნება, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო ახორციელებს.