04 მაისი 2024,   12:55
ვრცლად
შეღავათი ტურიზმის სექტორს - მინისტრები პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებას მიესალმებიან

მინისტრთა კაბინეტის წევრები პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებას მიესალმებიან, ამბობენ, რომ ტურიზმის სექტორის დახმარება დროული და გონივრული ნაბიჯია, გადაწყვეტილება მათ შესაძლებლობას მისცემს პანდემიის შედეგად მიყენებული ზარალი აუნაზღაურდეთ.

"ტურიზმის სექტორთან შეხვედრისას სექტორმა ერთ-ერთ მთავარ თხოვნად ზუსტად გადასახადის გაუქმება დაასახელა. 2021 წელი აღდგენით კი გამოირჩეოდა ტურიზმის სექტორში, მაგრამ იყო ლოკდაუნი, ბევრი შეზღუდვა და ტურისტული სექტორი საკმაოდ დაზიანდა. მათთვის რთული იქნებოდა გადასახადის გადახდა ამ პირობების გათვალისწინებით. ჩვენ ვიმსჯელეთ მთავრობაში და პრემიერ-მინისტრმა მას მხარი დაუჭირა. შესაბამისად, ფინანსთა სამინისტრო ამ საკანონმდებლო ცვლილებებს მალე განახორციელებს და 2021 წლის ქონების გადასახადისგან, რომელიც აპრილის თვეში უწევდათ ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს, გათავისუფლდებიან. აქ არის სარესტორნო, სასტუმრო და ა.შ. ის ობიექტები, რომლებიც 2020 წელსაც იყვნენ გათავისუფლებულნი გადასახადისგან და 2021 წელსაც გათავისუფლდებიან," - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

მთავრობის წევრებმა ისაუბრეს ასევე საზოგადოებრივ სამუშაოებზე სოციალურად დაუცველთა დასაქმებაზეც. ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილს განცხადებით, ერთ თვეში საზოგადოებრივ სამუშაოებზე 2 900-ზე მეტი სოციალურად დაუცველი ადამიანი დასაქმდა.

"20 000 ვაკანსიაზე ინტერესი 17 000-მდე ადამიანმა გამოხატა. მათგან კონტრაქტი გაუფორმდა და საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმდა 2 900-ზე მეტი პირი. ძალიან გვიხარია ასეთი შედეგი. თან იმ პირობებში, როგორი დაძაბულობაც არის მსოფლიოში და ასევე, როცა არანაირი საკომუნიკაციო კამპანია არ გვქონია და ასე ვთქვათ, თვითდინებით მაინც მოგვმართავდნენ და ამ პროექტის მიმართ ინტერესს გამოხატავდნენ," - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

დღის ამბები