უკრაინაში უკვე 41 დღეა ომი მიმდინარეობს - განგაშის სიგნალი ისმის უკრაინის თითქმის ყველა რეგიონში, მათ შორის კიევში.
ოკუპანტებისგან ნაწამები მშვიდობიანი მოქალაქეები ნახეს სუმში. რუსებმა დაბომბეს მიკოლაევის ცენტრი, საბავშვო საავადმყოფო და სავაჭრო ცენტრი. უკრაინული მხარე 10 დაღუპულისა და ათობით დაშავებულის შესახებ იუწყება. ქალაქის მერის ინფორმაციით, ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს ბავშვთა სახლზე, 11 საბავშვო ბაღსა და 12 სკოლაზე.
სროლების შედეგად, მიკოლაევთან ახლოს CNN-ის გადამღები ჯგუფის მანქანა განადგურდა. არ დაშავებულან ჟურნალისტები.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსი სამხედროები სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ბომბავენ.
უკრაინის ვიცე-პრემიერის განცხადებით, გუშინ 3 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, ძირითადად მარიუპოლიდან, ბერდიანსკიდან და ზაპოროჟიედან. ოფიციალური ინფორმაციით, უკრაინაში ამჟამად 600 რუსი სამხედრო ტყვეა.
ცნობები ვრცელდება დონეცკში ქიმიურ ქარხანაზე თავდასხმის შესახებაც.
პენტაგონის ინფორმაციით, უკრაინაში დახმარების მორიგი პარტია უახლოეს მომავალში ჩავა. ზელენსკიმ ხელი მოაწერა ახალ კანონს, რომლის მიხედვითაც საომარი მდგომარეობის დროს ჰუმანიტარული დახმარების გაყიდვა 7 წლამდე პატიმრობით დაისჯება.