ბრიუსელში 2 საათში NATO-ს მინისტერიალი იწყება. 2-დღიანი ღონისძიების ფარგლებში, დღეს დაგეგმილია არაფორმალური ვახშამი, რომლის დაწყებამდე, განცხადებებს გააკეთებენ NATO-ს გენერალური მდივანი და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, რომელიც უკვე ბრიუსელშია. მთავარი თემაა უკრაინა და ის, თუ რა კონკრეტული ნაბიჯებით დაეხმარება პარტნიორ ქვეყნებს NATO, მათ შორის, საქართველოს. ფორუმზე მიწვეულია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც. ეს ილია დარჩიაშვილისთვის ახალ პოზიციაზე პირველი საერთაშორისო ვიზიტია.
გარდა ამისა, საგარეო საქმეთა მინისტრს ექნება მოლაპარაკებები და პირადი შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან. გარდა ამისა, მინისტრი შეხვდება კოლეგებს იაპონიიდან, კანადიდან და ნიდერლანდებიდან.
"სამი ძირითადი მისია დააკისრა ამასწინანდელმა სამიტმა უმაღლეს დონეზე მინისტრებს, რომელთაგან ერთი მდგომარეობდა უკრაინის დახმარებაში, მეორე აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებაში და მესამე შეეხება სწორედ პარტნიორ და ასპირანტ ქვეყნებს, რომლებიც, შესაძლოა, რომ რისკის ქვეშ იყვნენ, რომ როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული მხარდაჭერა აღმოუჩინონ პარტნიორებს, როგორიცაა საქართველო და ბოსნია ჰერცეგოვინა. უსაფრთხოების ფლანგი უნდა იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იმისთვის, რომ თავდაცვისუნარიანობა გაძლიერდეს და, რა თქმა უნდა, ალიანსის ღია კარის პოლიტიკა და პარტნიორების მხარდაჭერა ეს ის ხელშეუხებელი თემებია, რომელიც თავიდანვე იყო ალიანსის დღის წესრიგში და მეათე მუხლი ამას ითვალისწინებს,"- აცხადებს საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ვიქტორ დოლიძე.