16 ნოემბერი 2024,   01:54
ვრცლად
უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადება ძალიან სერიოზული ბრალდებაა და მათი გარკვევა სამთავრობო არხების საშუალებით უნდა მოხდეს - კელი დეგნანი

უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადება ძალიან სერიოზული ბრალდებაა და მათი გარკვევა სამთავრობო არხების საშუალებით უნდა მოხდეს - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მიზანია აიძულონ პუტინი, უკრაინის წინააღმდეგ ომი შეწყვიტოს, ამ სანქციების აღსრულებაში ერთიანობას კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

"ეს არის სერიოზული განცხადება და ბრალდება. ამ საკითხს, რა თქმა უნდა, სჭირდება გარკვევა და ეს უნდა მოხდეს სამთავრობო არხების მეშვეობით, საქართველოსა და უკრაინის მთავრობებს შორის.
საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ არ დაუშვებენ საქართველო სანქციების გვერდით ავლისთვის გამოიყენონ და ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია. ზოგიერთი ადამიანი ამბობს, რომ არავის შეუძლია ამ ომის შეჩერება. ბატონმა პუტინმა დაიწყო ეს ომი და მას შეუძლია შეწყვიტოს ის დღესვე.

ეს სასტიკი, ბარბაროსული თავდასხმა მეზობელ სუვერენულ ქვეყანაზე. სანქციები განკუთვნილია იმისთვის, რომ აიძულონ ის, შეწყვიტოს ომი და ერთიანობა სანქციების აღსრულებაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ ზეწოლის შესანარჩუნებლად. ეს არის ის, რაც სანქციებს ასეთ ძლიერ იარაღად აქცევს. ასე რომ, ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით, რომ სანქციების რეჟიმი დარჩეს ძალიან მტკიცე, მჭიდრო ქსელად, რომელიც მოახდენს ზეწოლას კრემლის რეჟიმზე, შეწყვიტოს ომი,"-აცხადებს კელი დეგნანი. 

განცხადება გააკეთა ევროკავშირის ელჩმაც. კარლ ჰარცელის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იყო მკაფიო პასუხი, რომ ასეთი საქმიანობა არ ხორციელდება.

შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურმა 4 აპრილს განაცხადა, რომ სანქციების გვერდის ავლით, რუსები ქმნიან კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის საქართველოს ტერიტორიაზე.

უკრაინული დაზვერვის მტკიცებით, საქართველოს სპეცსამსახურებს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაავალა, ხელი არ შეუშალონ კონტრაბანდისტების საქმიანობას.

დღის ამბები