03 მაისი 2024,   21:37
ვრცლად
ოკუპანტები მარიუპოლს სავარაუდოდ რამდენიმე დღეში აიღებენ - რა ინფორმაცია მოიპოვა დასავლეთის დაზვერვამ

მარიუპოლში უმძიმესი ვითარებაა. ბოლო 24 საათში ოკუპანტებმა ქალაქის კიდევ უფრო დიდი ნაწილი დაიკავეს, მათ შორის პორტის გარკვეული ტერიტორია. უკრაინის ჯარები ქალაქის სამხრეთ-დასავლეთით პოზიციებს ინარჩუნებენ. ასევე ჩრდილოეთით გარკვეულ ნაწილს. იქ ძირითადად ქარხნები მდებარეობს, სადაც ახლა მშვიდობიანი მოსახლეობა აფარებს თავს.

ომის კვლევის ინსტიტუტი, სხვადასხვა დასავლური ქვეყნის დაზვერვაზე დაყრდნობით წერს, რომ ოკუპანტები აძლიერებენ მარიუპოლზე შეტევას და სავარაუდოდ რამდენიმე დღეში ისინი ამ ქალაქს აიღებენ. საპორტო ქალაქს, რომელიც როგორც უკრაინისთვის, ისე რუსეთისთვის უმნიშვნელოვანესია.

აზოვის ზღვის სანაპიროზე ახლა მხოლოდ მარიუპოლი დარჩა, რომელზეც სრულად კონტროლი რუსებს არ აქვთ. დონეცკის ოლქში მდებარე საპორტო ქალაქ მარიუპოლში ომამდე 400 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, დღეს კი მათი რაოდენობა 100 ათასამდეა შემცირებული. ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებს ათობით ათასი ადამიანი. დონბასში დიდი ბრძოლისთვის ემზადებიან! რუსეთი ლუგანსკისა და დონეცკის ოლქში დამატებითი სამხედრო ძალების შეყვანის პროცესს ასრულებს.

რუსი ოკუპანტები არიან დნიპროს ჩრდილოეთით და სამხრეთითაც. ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით უკრაინის სიდიდით მესამე ქალაქი დნიპრო იქნება ოკუპანტების შემდეგი მთავარი სამიზნე. დნიპროს მერმა ქალების, ბავშვებისა და მოხუცების ევაკუაცია ითხოვა ქალაქიდან. ამ ოლქში დღეს არაერთი რუსული ბომბი ჩამოვარდა. ოკუპანტების მიერ ნავის დაბომბვის შედეგად, რომელშიც 14 ადამიანი იმყოფებოდა, ერთი ბავშვი დაიღუპა და კიდევ ორი, ​​4 და 16 წლის კი დაშავდა.

ოკუპანტების მთავარი სამიზნეა ხერსონის ოლქიც, რომელიც რუსებს თითქმის სრულად ქონდათ დაკავებული, მაგრამ უკრაინელი სამხედროების წარმატებული კონტრიერიშების შედეგად, ამ ოლქის რამდენიმე სოფელი გათავისუფლებულია. ქალაქ კრივოი-როგის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დღეს იმ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა, რომელიც გათავისუფლებულ დასახლებებში ხვდებათ. ვილკული საუბრობს ისეთ საზარელ ამბებზეც, როგორიცაა 16 წლის ორსული გოგონასა და 78 წლის ქალის გაუპატიურება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთი ჯარების რაოდენობის შევსებას ცდილობს. უკრაინა აცხადებს, რომ რუსები 2012 წელს სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებულ პირებს იწვევენ, მათ შორის მძღოლებს, მექანიკოსებს, დაზვერვის სპეციალისტებს და უმცროს მეთაურებს.

დღის ამბები