საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადზე კითხვარი გადაეცა. საგარეო საქმეთა მინისტრ, ილია დარჩიაშვილს კითხვარი სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ პირადად გადასცა. ცერემონია ლუქსემბურგში გაიმართა.
ამის შემდგომ პროცესი საქართველოში გაგრძელდება, სხვადასხვა სტრუქტურებმა ერთად უნდა იმუშაონ და პასუხი გასცენ კითხვებს, რის საფუძველზეც ევროკომისია მოამზადებს მოსაზრებას, გადასცემს ევროკავშირის უმაღლეს ორგანოს, ევროპულ საბჭოს. სავარაუდოდ ივნისის ბოლოს, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები სამიტზე განიხილავენ კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს. კითხვარის ძირითადი საკითხებია პოლიტიკა, სამართალი და ეკონომიკა.
კითხვარის გადმოცემას ევროინტეგრაციის გზაზე ახალი იმპულსი უწოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა:
"საქართველომ მიიღო კითხვარი, რომელიც იქნება ახალი იმპულსი ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე და ახლა ყველაზე მთავარია, რომ ყველა ვკონცენტრირდეთ ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესზე იმისთვის, რომ დროულად მოხდეს კითხვარის შევსება და ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის გადმოგზავნა
ინკლუზიურობა ამ პროცესში არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ამიტომ ყველა სახელმწიფო უწყება პირველ რიგში იქნება მობილიზებული ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში მონაწილეობისთვის. ჩვენ ვეცდებით, რომ ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ და მაქსიმალური კონცენტრაცია მოვახდინოთ რომ ეს კონკრეტული კითხვარი საქართველომ რაც შეიძლება მალე წარმოადგინოს ევროკავშირში," - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
საქართველოსთან ერთად კითხვარი გადაეცა მოლდოვასაც.
"ეს მოლდოვასთვის და საქართველოსთვის ისტორიული დღეა. უკრაინისთვის ეს ისტორიული დღე რამდენიმე დღის წინ იყო. ევროპულ ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი დგება. ჩვენ მოლდოვაში ვაპირებთ გამოვიყენოთ ეს ისტორიული შესაძლებლობა, რათა ჩვენი ქვეყანა ევროკავშირს დავუახლოვოთ და გავხდეთ წევრები. იმედს ვამყარებთ საქართველოსთან შესანიშნავ თანამშრომლობაზე მომდევნო თვეებსა და წლებში. ჩვენი მიზანია ვიხილოთ ევროპის კონტინენტი თავისუფალი, დამოუკიდებელი და ინტეგრირებული. რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ ყველა ახალი პასუხისმგებლობების, ახალი დილემების წინაშე ვდგავართ. რასაც ვხედავ ეს არის ქვეყნების და მთავრობების ლიდერების, პოლიტიკური ელიტების, მოსახლეობის, სამოქალაქო საზოგადოების და მთლიანად ევროპული კონტინენტის ერთგულება, რომ მზად იყოს ამ ახალი გამოწვევების წინაშე და აჩვენოს მეტი სოლიდარობა და მეტი ორმხრივი მხარდაჭერა როგორც არასდროსმ ბოლო წლებში," - აცხადებს მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრი ნიცუ პოპესკუ