რუსეთის მუქარას კიევი პასუხობს. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინის დედაქალაქზე შეტევას დაიწყებს, პასუხი არ დააყოვნებს - აცხადებს პრეზიდენტის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები, სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე სისტემატურ სარაკეტო დაბომბვებს ხარკოვის, დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებზე ახორციელებენ.
"უბრალოდ, უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერ იერიშზე, რომელიც ჩვენი გადაწყვეტილების მიღების ცენტრზე განხორციელდება, მოჰყვება ადეკვატური პასუხი ჩვენი მხრიდან.
შესაბამისად, ფსონების გაზრდის შემთხვევაში სიფრთხილე უნდა შეინარჩუნონ, იმიტომ, რომ რუსეთთან დაკავშირებით იდეალური შესაძლებლობები გაგვაჩნია. მათ ჯერჯერობით არ ვიყენებთ. თუ კი სურთ ესკალაცია - კეთილი, ასე გააგრძელონ," - აცხადებს ოლექსი არესტოვიჩი.
საოკუპაციო ძალებმა იერიში მიიტანეს ხარკოვის მშვიდობიან ობიექტებზე. დაიღუპა 4 ადამიანი. დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, დონეცკის ოლქის ქალაქები კრამატორსკი და კოსტიანტინივკა შეიძლება რუსების ახალი სამიზნე გახდეს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, მთელი ქვეყნის და განსაკუთრებით კიევის მიმართულებით სარაკეტო დარტყმების საფრთხე მაღალია.