07 მაისი 2024,   02:15
ვრცლად
ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების ფონზე მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში ყოველდღიურად მატულობს - ომმა მილიონობით ადამიანის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა

ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების ფონზე ყოველდღიურად მატულობს მსხვერპლი მშვიდობიან, უიარაღო მოსახლეობაში და ომის ჭრილობები მათ ფსიქიკაში, რომლებიც ცოცხლები გადარჩნენ, თუმცა ეს ძალიან ძვირი დაუჯდათ. ამ ომმა უკვე მილიონობით ადამიანის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. ლტოლვილად ქცეულმა უკრაინელებმა შესაძლოა დაიბრუნონ დროებით დაკარგული სახლები, თუმცა შეუძლებელია მათი დაბრუნება, ვინც მათმა დიდმა ნაწილმა დაკარგა - ოჯახის წევრები, რომლებიც რუსეთის აგრესიას შეეწირნენ.

ჩერნიგოვის რაიონის სოფელ იაჰიდნეში საჯარო სკოლის სარდაფში, 300-მდე ადგილობრივთან ერთად, რამდენიმე კვირის განმავლობაში ცხოვრობდა ვიქტორია თავის მცირეწლოვან შვილთან ვარვარასთან ერთად, თუმცა ეს სარდაფი არ იყო მათთვის თავშესაფარი, ეს იყო დროებითი, იძულებითი საცხოვრებელი, სადაც უკრაინელები რუსმა ჯარისკაცებმა გამოკეტეს. ვიქტორია ახლა ლვოვშია. მან მეუღლე და თორმეტი წლის შვილი დაკრძალა. ისინი რუსული ჭურვის შედეგად საკუთარ მანქანაში ნამსხვრევებს ემსხვერპლნენ. მათთან ერთად ვიქტორია თავადაც იყო, თუმცა მეუღლის ყვირილს "გაიქეცით", ინსტიქტურად დაემორჩილა და  ერთი შვილის გადარჩენა ასე შეძლო.

გაქცეული დედა-შვილი ოკუპანტებმა დაიჭირეს. მათ ნახეს, როგორ იღუპებოდნენ ყოველდღიურად სარდაფში მშვიდობიანი უკრაინელები, იღუპებოდნენ გაუსაძლისი პირობებით და სტრესით. დღის სინათლის ნახვა მხოლოდ მაშინ შეეძლოთ, როდესაც რუსი ჯარისკაცები გარეთ საკვების მოსამზადებლად უშვებდნენ, თუმცა ეს იშვიათად ხდებოდა. ასევე იშვიათად ჰქონდათ მათ უფლება, რომ დაღუპულები ახლომდებარე სასაფლაოზე საერთო სამარხში დაეკრძალათ. ვიქტორიამ ქალიშვილთან ერთად ლვოვში გაქცევა მას შემდეგ მოახერხა, რაც ოკუპანტებმა სოფელი დატოვეს. იაჰიდენში დღემდე ეძებენ ახლობლების ცხედრებს.

უკრაინას უკვე მილიონობით ლტოლვილი ჰყავს, ნაწილმა დროულად გამოაღწია მშობლიური ქვეყნიდან და გადაურჩა რუსულ აგრესიას, თუმცა მათთვის განსაკუთრებით ტრაგიკული და მძიმეა დღეს სამშვიდობოს ყოფნა, მიწასთან გასწორებული უკრაინული ქალაქების ვიდეო თუ ფოტო კადრების ნახვა და უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულ ახლობელ ადამიანებზე ფიქრი. ერთ-ერთი მათგანია ელიზავეტა, რომელმაც ლიეტუვაში ვილნიუსს შეაფარა თავი. ელიზავეტამ ადგილობრივებს მოუწოდა და სთხოვა, რომ მასთან ერთად ცნობილი უკრაინული სიმღერა შეესრულებინათ. მსურველი ბევრი გამოჩნდა, მათ შორის ბავშვები.

ვინც სამშობლო ვერ ან არ დატოვა, დაბომბილ ქალაქებში მღერის. მუსიკა ჟღერს ხარკოვში რუსი ოკუპანტების მიერ დანგრეული კულტურის ცენტრის ტერიტორიაზე და ეს არის პასუხი რუსულ აგრესიაზე, მათი დამარცხების იმედი, ვინც შვილებს, მეუღლეებს, მოხუცებს კლავს და სარდაფებში ამწყვდევს.

დღის ამბები