03 მაისი 2024,   11:49
ვრცლად
"კურიერი" ჩერნიჰივში: ქალაქი-სასაფლაო და დაბომბილი ეკლესია, რომელიც ერთმორწმუნე რუსებმა სამხედრო შტაბად აქციეს 

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში 2 ათასი დასახლების ოკუპირება მოახდინა, თუმცა მათგან ნახევარი, ამ დროისთვის, უკვე გათავისუფლებულია. ერთ-ერთი მათგანია ჩერნიჰივი (ჩერნიგოვი) - 907 წელს დაარსებული იუნესკოს მიერ დაცული ქალაქი, რომელიც რუსეთმა სასაფლაოდ აქცია. ეკლესია კი, რომელიც მე-11 საუკუნით თარიღდება, ერთმორწმუნე რუსეთმა ჯერ დაბომბა შემდეგ კი, სამხედრო შტაბად გადააკეთა. ჩერნიჰივი ერთხელ უკვე იყო ფაშისტების მიერ მიწასთან გასწორებული.

გერმანიის 2-წლიანი ოკუპაციის მეთოდები, ჩერნიჰივში ახლა რუსეთის ჯარმა გაიმეორა. ქალაქში აღმოჩენილია ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი, რომელთა დასამარხად ახალი სასაფლაოების მოწყობა ხდება საჭირო. გვამებს, სასწრაფო წესით, ყოველგვარი რიტუალის გარეშე, ზეწრებში გახვეულებს მარხავენ. ეს არის ერთ-ერთი, ყველაზე მეტად დაზარალებული ქალაქი უკრაინაში, რომლის აღებაც რუსებმა მხოლოდ საჰაერო და საარტილერიო იერიშების შედეგად მოახერხეს.

ჩერნიჰივს, სადაც ერთ დროს 300 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, 6 მარტს ვოლოდიმირ ზელენკიმ გმირი ქალაქის წოდება მიანიჭა.

უკვე დათვლილია, რომ განადგურებული ჩერნიჰივის აღდგენას, სადაც დღეს "კურიერი" ჩავიდა, რამდენიმე მილიარდი დოლარი დასჭირდება.

აქ ადამიანური მსხვერპლი დიდია. განადგურებულია ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი. რუსმა სამხედროებმა შენობის ოთხივე კორპუსი დაბომბეს. იერიშის დროს თავდასხმის ობიექტის ტერიტორიაზე ასეულობით ადამიანი იმყოფებოდა. რუსულმა ბომბებმა 20-ზე მეტი ადგილობრივი შეიწირა.

"ყველა ის შენობა, რომელიც მოსახლეობისთვის იყო დაბომბეს, დაცხრილეს და გაანადგურეს. სარდაფში ცხოვრება 50 დღეზე მეტია მიწევს. იქ მძინავს. რაც მაცვია ეს არის ჩემი საბანი," - ამბობს "კურიერთან" ერთ-ერთი მცხოვრები.

ოფიციალური მოსკოვი ამტკიცებს, რომ რუსული იარაღიდან უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები არ კვდებიან. თუმცა ფაქტი სხვაზე მეტყველებს. ჩერნიჰივში ახალი სასაფლაოს გახსნა გახდა საჭირო, სადაც, ბოლო ერთ თვეში, ათასამდე ცხედარი, ყოველგვარი რიტუალის გარეშე დამარხეს. საფლავებს მხოლოდ სახელი და გვარი აწერია. იმისთვის, რომ ომის შემდეგ ოჯახმა საკუთარი მიცვალებული იპოვოს და მისი შესაბამისი დაკრძალვა შეძლოს. ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ ზოგჯერ მათ დღეში 100 ადამიანის დამარხვა უწევდათ.

პუტინის დავალების შემსრულებლებს ჩერნიჰივი რამდენიმე კვირის განმავლობაში ჰქონდათ ოკუპირებული. ამ პერიოდში ადამიანები წყლის, ელექტროენერგიისა და ყოველგვარი ელემენტარული პირობის გარეშე ცხოვრობდნენ. ქალაქში დახმარება არ შედიოდა. მიუხედავად იმისა, რომ რუსული ჯარები საკუთარი სისასტიკის წაშლას ყველა გზით ცდილობდნენ, დღევანდელი ჩერნიჰივი პუტინის ომის რეალურ სახედ რჩება.

დღის ამბები