06 მაისი 2024,   22:46
ვრცლად
რუსეთის სტრატეგიული ამოცანა რომელიც "აზოვსტალზე" გადის - რა ვითარებაა მარიუპოლში და რატომ იქცა მეტალურგიული ქარხანა ოკუპანტების მთავარ სამიზნედ

"აზოვსტალის" ქარხანა, რომელსაც 1000 ადამიანი აფარებს თავს, რუსული შეტევის მთავარი სამიზნეა. მტერი აუღებელ ციხესიმაგრედ ქცეული შენობის ხელში ჩაგდებას, ბომბებით ცდილობს. კომბინატის ნანგრევების ქვეშ ასობით ადამიანია მოყოლილი. ბავშვები, ქალები, მოხუცები და დაჭრილები მიწისქვეშეთიდან შველას ითხოვენ. აუღებელი ქარხნის თავშესაფარში მყოფებს, მხოლოდ ერთადერთი სურვილი აქვთ - გადარჩნენ. საკვებისა და წყლის მარაგიც თანდათან იწურება. შიმშილს კი შიში ემატება.

დაპირებული ჰუმანიტარული კორიდორი, რომელსაც ქალაქში დარჩენილები ელოდებიან, ჯერ არ გახსნილია. დრომ რამდენჯერმე გადაიწია, მარშრუტი უცვლელია - მარიუოპულიდან ზაპოროჟიე - 90 ავტობუსი, რომელმაც 6 000-მდე ადამიანი სამშვიდობოს უნდა გაიყვანოს ამ გზას გაივლის. მერი მოსახლეობას ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდებს.

ამ ადამიანების სიცოცხლე, ახლა "აზოვის" ბატალიონის უკანასკნელი მცველების ხელშია. მათ მეტალურგიული ქარხნის თავშესაფარში ჰოსპიტალი გახსნეს. გარნიზონში 500-ზე მეტი დაჭრილი ჯარისკაცია. დაუმარცხებელი მებრძოლები რუსულ ულტიმატუმზე უარს ამბობენ და იარაღს არ ყრიან. პირობას დებენ, რომ მარიუპოლის დასაცავად ბოლო ვაზნების გამოყენებამდე იბრძოლებენ. 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ საათები დათვლილია და რომ ეს შესაძლოა მისი უკანასკნელი გზავნილი იყოს.

სამრეწველო ობიექტი პრაქტიკულად მთელი ქალაქია, მრავალი შესასვლელითა და გამოსასვლელით. კომბინატის საერთო ფართობი თითქმის 11 კვადრატულ კილომეტრს უტოლდება და მიწისზედა სართულების გარდა, მიწისქვეშა კომუნიკაციების ქსელს მოიცავს, კილომეტრებზე გადაჭიმული გვირაბებითა და საკომუნიკაციო არხებით. "აზოვსტალის" ქარხანა მხოლოდ ერთადერთხელ გაჩერდა, ისიც მე-2 მსოფლიო ომის დროს.

ქალაქში ცოცხლად გადარჩენილები საკუთარი მებრძოლებით ამაყობენ და თან დაღუპულების დამარხვას ცდილობენ. ქალაქში ათასობით ცხედარია. გამუდმებით ისმის სროლის ხმა, იბომბება საცხოვრებელი კორპუსები. პარტიზანული შეტაკებებია ქალაქების ქუჩებში.

მარიუპოლის აღება რუსეთის სტრატეგიული ამოცანაა, თუმცა უკვდავი ქალაქის გადასარჩენად უკანასკნელი ბრძოლა გრძელდება. თითქმის ნახევარმილიონიან საპორტო ქალაქში, რუსული აგრესიისთვის თავის დაღწევა მხოლოდ მოსახლეობის ნახევარმა შეძლო, ნაწილი ოკუპანტების ტყვეობაში რჩება, დანარჩენები კი გაქცევის დროს რუსულმა ტყვიებმა იმსხვერპლა.

დღის ამბები