27 აპრილი 2024,   16:52
ვრცლად
აღდგომა რუსული აგრესიის ფონზე და ვოლოდიმირ ზელენსკის სააღდგომო მიმართვა - როგორ შეხვდა მთავარ ქრისტიანულ დღესასწაულს უკრაინა

აღდგომა ომის, მშვიდობიანი მოსახლეობის ყოველდღიური მკვლელობის, ათასობით ახალი ცხედრის, ომის დანაშაულების და ადამიანური ტრაგედიების ფონზე - უკრაინელი ხალხი მთავარ ქრისტიანულ დღესასწაულს უმძიმეს პირობებში ხვდება.

იქ, სადაც ჰუმანიტარული ტვირთების გაგზავნა და ხალხამდე მიტანა შესაძლებელია, სასიცოცხლოდ აუცილებელ პროდუქტებთან ერთად სააღდგომო კვერცხებს და პასკებს გზავნიან.  იქ, სადაც აქტიური საომარი მოქმედებებია, ადამიანებს არც გაზი, არც დენი და არც სხვა პირობები აქვთ, თუმცა შეძლებისდაგვარად მაინც ახერხებენ იმ დღესასწაულის აღნიშვნას, რომელიც სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების სიმბოლოა. 

სააღდგომო მიმართვა გაავრცელა უკრაინის პრეზიდენტმა.  ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა უმძიმეს განსაცდელს გადის: 

"ჩვენ ყველა ბოლო ორი თვეა ვლოცულობთ, ხოლო ქრისტეს აღდგომას, რომელიც განასახიერებს სიცოცხლის დიდ გამარჯვებას სიკვდილზე, თითოეული ჩვენგანი უფალს ერთ რამეს სთხოვს - დიდო და ერთადერთო ღმერთო! გადაარჩინე ჩვენი უკრაინა! 

დაიცავი ისინი, ვინც გვიცავს ჩვენ! ვინც იცავს ჩვენს მშობლიურ მიწას! ჩვენი სამხედროები, ეროვნული გვარდიელები, მესაზღვრეები, ჩვენი ტერიტორიული დაცვა, დაზვერვა. ეს და ყველა სინათლის მეომარი. მიეცი ძალა ყველას, ვინც მთელ თავის ძალას გასცემს. დაე, არ დაგვეკარგოს რწმენა, რომ ყველაფერი შესაძლებელია და უკრაინა გადარჩება. გადაარჩინე მათი სიცოცხლე, ვინც სხვის სიცოცხლეს იხსნის. ჩვენი ექიმების, მეხანძრეების, მაშველების.

დაე, სიცოცხლის გამარჯვება არა მხოლოდ ამ დღესასწაულის სიმბოლო იყოს, არამედ სიცოცხლემ ყოველდღე გაიმარჯვოს სიკვდილთან ბრძოლაში. მიეცი გამძლეობა მათ, ვინც ომიდან მათი შვილების დაბრუნებას ელოდება. მათ, ვინც შვილები დაკარგა მშვიდობიან ქალაქებსა და სოფლებში, სადაც რუსეთმა სიკვდილი მოიტანა. 

ჩვენ უმძიმეს განსაცდელს გავდივართ. დაე მიგვეღწიოს ამ გზაზე სამართლიანი დასასრულისთვის - უკრაინის ბედნიერი ცხოვრებისა და კეთილდღეობის დასაწყისისთვის," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

იმის გამო, რომ ვერ იქნა შეთანხმებული ე.წ სააღდგომო ზავი, კომენდანტის საათის პირობებში უკრაინის მთელ ტერიტორიაზე სააღდგომო ლიტურგია განსხვავებული წესით ჩატარდა. ცხელ წერტილებში სააღდგომო წირვა დილით გადაიტანეს, დანარჩენ ტერიტორიებზე კი აღდგომის ლიტურგიას მხოლოდ სასულიერო პირები დაესწრნენ.

დღის ამბები