27 აპრილი 2024,   16:54
ვრცლად
ომის დაწყებიდან საკუთარი სახლის დატოვება 11 მილიონამდე უკრაინელს მოუწია - იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეებზე მოხალისეები ზრუნავენ

რუსეთის შეჭრიდან ორი თვის შემდეგ საკუთარი სახლის იძულებით დატოვება 11 მილიონზე მეტ უკრაინელს მოუწია. აქედან, 5 მილიონზე მეტმა ქვეყანა დატოვა, დანარჩენი კი უკრაინის ტერიტორიაზე დარჩა და დევნილად იქცა. რუსულ ტყვიებსა და რაკეტებს, ამ დრომდე, ათასობით უკრაინელი გაურბის, ძირითადად, ბავშვები, ქალები და მოხუცები. ყველას ისტორია მძიმეა. უფრო მძიმე კი მათი რეალობაა, ვინც ჯერ გაქცევა ვერ მოახერხა და კვლავ უსაფრთხო დერეფნების გახსნას ელოდება.

საკუთარ სახლში გატარებულ ბოლო დღეს 61 წლის ქალი ცრემლებით იხსენებს. ალექსანდრა კუსნინოვა ავდიივკადან დნიპროში შვილიშვილთან და კატასთან ერთად გამოიქცა, ვერაფრის წამოღება ვერ შეძლო. ალექსანდრა და სხვადასხვა ოლქებიდან იძულებით წამოსულები ახლა დნიპროს ერთ-ერთ თავშესაფარში ცხოვრობენ. მძიმე ისტორიებს ჰყვებიან და ომის დასრულებას ელოდებიან. მოხალისეები, რომლებიც დაბომბილი ქალაქებიდან გამოღწეულ მოსახლეობას ეხმარებიან, ამბობენ, რომ ევაკუირებული ხალხის ნაკადი პერიოდულად მატულობს, განსაკუთრებით, აღმოსავლეთ უკრაინიდან.

მუდმივი იერიშის გამო თავშესაფრებში ცხოვრებას ეჩვევიან ხარკოვში. უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქში, მოსახლეობის დიდი ნაწილი კორპუსების სარდაფებში, მეტროებში, სკოლებისა და სპორტული მოედნების დარბაზებში ცხოვრობს. ადგილობრივებს პროდუქტით მოხალისეები ამარაგებენ. კერძს ღია ცის ქვეშ, ცეცხლზე ამზადებენ. მოსახლეობის ნაწილს არ აქვს ელექტროენერგია და წყალი.

მიკოლავეში გახშირებული თავდასხმების გამო ქალაქს მოსახლეობა ტოვებს. საევაკუაციო ავტობუსებამდე ქალებსა და ბავშვების კაცები აცილებენ. არის შემთხვევები, როდესაც მშობლები სამშვიდობოს მხოლოდ შვილებს უშვებენ და თავად კონფლიქტის ზონაში რჩებიან. დამშვიდობების მომენტი ყველაზე ხანგრძლივი და მტკივნეულია. ოჯახები ერთმანეთს ცრემლების გარეშე ვერ ემშვიდობებიან.

რამდენიმე კვირაა, ლტოლვილთა რაოდენობას ქვეყანაში დაბრუნებულთა რიცხვი აჭარბებს. მაგრამ, ამ დრომდე კონფლიქტის რეგიონებიდან ჰუმანიტარული დერეფნებისა და სპეც ავტობუსების გამოყოფის აუცილებლობა დგას. ათასობით ოჯახი ომის დაწყების დღიდან დროებით თავშესაფრებსა და სარდაფებში ცხოვრობს. მოსახლეობას შინ დაბრუნების ეშინია, ნაწილს კი ინტენსიური იერიშის გამო მტერმა წასასვლელიც კი აღარ დაუტოვა.

დღის ამბები