26 აპრილი 2024,   09:03
ვრცლად
მის მოსაზრებას კატეგორიულად არ ვიზიარებ, უნდა ვიმოქმედოთ ჩვენი გადმოსახედიდან - არესტოვიჩის განცხადებას შეფასებები მოჰყვა

ოლექსეი არესტოვიჩის განცხადებები პოლიტიკური შეფასებების საგანია. ოპოზიციისთვის მიუღებელია არესტოვიჩის მოწოდებები და აცხადებენ, რომ მსგავსი რამ საქართველოს ინტერესებს არ შეესაბამება.

"ეს ის შემთხვევაა, როდესაც მე მის მოსაზრებას, დაკვირვებას თუ გეგმას კატეგორიულად არ ვიზიარებ. მე მესმის საიდან მოდის ასეთი აზრი. საქართველო 2 თვის განმავლობაში განუწყვეტელ დაბომბვის რეჟიმში რომ იყოს რუსეთიდან, ჩვენც გვექნებოდა იმის მოთხოვნილება, რომ მთელმა მსოფლიომ რაღაცა გააკეთოს. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ჩვენი გადმოსახედიდან და საქართველოს მხრიდან ახლა შეიარაღებული გზით რაიმეს კეთება აფხაზეთისა და ცხინვალის მიმართულებით არის მიუღებელი და გამორიცხული.

ნუ ველოდებით იმას, რომ მთელი მსოფლიო ან არესტოვიჩი ყოველთვის საქართველოს ინტერესიდან დაინახავენ ცხოვრებას. ისინი თავიანთი ინტერესიდან ხედავენ, ეს არ არის ბოროტება, ეს არის სწორი მოვლენა," - განაცხადა "ლელოს" წევრმა დავით უსუფაშვილმა.

პარტიები თანხმდებიან, რომ ქვეყანას დეოკუპაციის მშვიდობიანი გზა აქვს არჩეული.

"საქართველო არ არის აგრესორი, რასაც რუსეთი ცდილობს რომ დაამტკიცოს, თითქოს ჩვენ დავიწყეთ ომი და, მეორეს მხრივ, საქართველოს აქვს საერთაშორისოდ აღიარებული ვალდებულება რომ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით აპირებს ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფას. ის ხალხი, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს არიან ჩვენი მოქალაქეები და სამხედრო აგრესორობა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს არ შეეფერება," - აღნიშნა "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა თეონა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი აცხადებს, რომ საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, დაიკავოს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, თუმცა თბილისი ამას არა მხოლოდ არ აკეთებს, მეტიც, ცდილობს გაამართლოს რუსეთის პოზიციები.

დღის ამბები