ევროკომისია უკრაინულ ექსპორტზე ყველა ტარიფსა და კვოტას ერთი წლით გააუქმებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ომის 63-ე დღის შემაჯამებელ ვიდეოში განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საკითხი ევროკომისიის პრეზიდენტთან უსრულა ფონ დერ ლაიანთან განიხილა.
უკრაინის პირველი პირი ამბობს, რომ რუსეთის მიერ პოლონეთისა და ბულგარეთისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტა რუსეთის შანტაჟის მორიგი სერიაა და კრემლი ვაჭრობის ნებისმიერ სფეროს იარაღად განიხილავს.
"ევროკავშირის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მზადდება. ევროკომისია უკრაინის ექსპორტზე ყველა გადასახადისა და კვოტის 1 წლით მოხსნას, ასევე ანტიდემპინგური ტარიფების შეჩერებას დათანხმდა.
ახლა ეს მოგვცემს საშუალებას, შევინარჩუნოთ ეკონომიკური აქტივობა უკრაინაში, ჩვენი ეროვნული წარმოება რამდენადაც შესაძლებელია.
რუსეთი ცდილობს გლობალური ფასების კრიზისის პროვოცირებას, რათა დაიწყოს ქაოსი ყველა ბაზარზე და განსაკუთრებით სურსათის ბაზარზე. უკრაინული ექსპორტი დაეხმარება ბაზრების დასტაბილურებას. ასე რომ, ეს ხელსაყრელია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ყველა ევროპელისთვის. ყველა ქვეყნის მაცხოვრებისთვის, რომლებიც შეიძლება რუსეთის დესტრუქციული ამბიციებით დაზარალდნენ.
ჩვენ ასევე ვთანხმდებით ევროკავშირთან იმის შესახებ, თუ როგორ გავზარდოთ სატრანსპორტო დერეფნების პოტენციალი ჩვენს დასავლეთ საზღვარზე. ამ კვირაში რუსეთის ხელმძღვანელობამ ევროპელების ენერგეტიკული შანტაჟის ახალი სერიები დაიწყო.
პოლონეთისა და ბულგარეთისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის გადაწყვეტილება კიდევ ერთი არგუმენტია იმისა, რომ ევროპაში არავინ უნდა იმედოვნებდეს, შეინარჩუნოს რუსეთთან ნორმალური ეკონომიკური თანამშრომლობა. რუსეთი არამხოლოდ გაზს, არამედ ნებისმიერ ვაჭრობას იარაღად განიხილავს. ის უბრალოდ უცდის მომენტს, როდესაც შეძლებს გამოიყენოს ესა თუ ის სავაჭრო სფერო ევროპელების პოლიტიკური შანტაჟისთვის ან რუსეთის სამხედრო მანქანის გასაძლიერებლად, რომელიც გაერთიანებულ ევროპას სამიზნედ ხედავს. შესაბამისად, ევროპაში რაც უფრო ადრე აღიარებს ყველა, რომ დაუშვებელია ვაჭრობაში რუსეთზე დამოკიდებულება, მით უფრო მალე იქნება შესაძლებელი ევროპულ ბაზრებზე სტაბილურობის გარანტია," - განაცხადა ზელენსკიმ.